"ბაჩიაშვილს ჯერ პოლიტპატიმრად გააფორმებენ, შემდეგ პოლიტიკაში შეიყვანენ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავებენ"
გიორგი ბაჩიაშვილს ჯერ პოლიტპატიმრად გააფორმებენ, შემდეგ პოლიტიკაში შეიყვანენ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავებენ და ენჯეოების დაფინანსების ვალდებულებასაც აკიდებენ. როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატმა მის პოლიტიკურ მრწამსზე დაიწყო საუბარი, რომელიც ბაჩიაშვილს არასოდეს გამოუვლენია, ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა, – ამის შესახებ ფილოსოფოში ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განმარტებებმა ბევრ რამეს მოფინა ნათელი.
„გუშინ მოვისმინე ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განმარტებები გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რამაც ჩემთვის ბევრ რამეს მოფინა ნათელი.
როგორც იცით, ყურადღებით ვაკვირდებოდი „კრედიტ სუისის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმეს და საზოგადოებას დეტალურად განვუმარტე, თუ როგორ აქრობდა ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკუდრონი ამერიკელების დავალებით თანხებს ივანიშვილის ანგარიშიდან, როგორ იღებდა ის ამისათვის პრემიებს ბანკის მენეჯმენტისგან, როგორ გაატარებინეს ლესკუდრონს რამდენიმე წელიწადი ციხეში, ციხიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების შემდეგ კი როგორ იპოვეს ის ტყეში ჩამომხრჩვალი.
როდესაც, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განმარტება, ხოლო, მეორე მხრივ, ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებები მოვისმინე, ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა: ბაჩიაშვილი ამერიკელებმა ზუსტად ისევე გამოიყენეს, როგორც, თავის დროზე, პატრის ლესკუდრონი.
ამერიკული სპეცსამსახურები აგენტების გადაბირებაში საუკეთესოდ არიან დახელოვნებული. შეგახსენებთ, რომ მათ საუკუნოვანი დემოკრატიული ტრადიციების მქონე სახელმწიფოებიც კი აქციეს აგენტოკრატიებად. ასეთივე აგენტოკრატიად აქციეს მათ საქართველოც, რომელიც 2004-12 წლებში მთლიანად აგენტურის ხელით იმართებოდა. შესაბამისად, მათთვის ბაჩიაშვილის გადაბირება არცთუ რთული ამოცანა იყო, მით უმეტეს, რომ ის ამერიკაში ხშირად მოგზაურობდა და შესაბამისად, სპეცსამსახურებისთვის მასთან კავშირზე გასვლა ძალიან იოლი იყო.
ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სპეცსამსახურებისთვის პრინციპულად მიუღებელი პერსონაა. მან შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა. ამერიკელებმა ჩვენზე კარგად იცოდნენ ყველა ის უბედურება – ბიზნესის რეკეტით დაწყებული და ადამიანების წამებით დამთავრებული – რასაც მათი აგენტურა საქართველოში სჩადიოდა. თუმცა, აგენტურა მათ ყველა დავალებას თვალდახუჭული ასრულებდა და შესაბამისად, საქართველოში აგენტოკრატიის დასრულება სპეცსამსახურებისთვის უმძიმეს მარცხს ნიშნავდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა 2008 წელს მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო, ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. თუ ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებისთვის მიუღებელი იყო 2008 და 2011 წლებში, ბუნებრივია, ის ასეთივე მიუღებელი იყო 2015 წელსაც, როდესაც მას გიორგი ბაჩიაშვილი დაუპირისპირეს.
ცხადია, ივანიშვილის გარემოცვაზე სპეცსამსახურები მუდმივად ნადირობდნენ. ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა და 2015 წლამდე მისი გადაბირება არ გაუჭირდებოდათ. ბაჩიაშვილის ქმედებები ლესკუდრონის ქმედებებს, პირველ რიგში, თავისი უხეშობით წააგავს. ბაჩიაშვილი ზუსტად ისევე უხეშად მოქმედებდა, როგორც, თავის დროზე, პატრის ლესკუდრონი. ძალიან უნდა შეეცადო, რომ 131-მილიონიან პროექტში 100 მილიონი გაფლანგო. ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებიდან კი ირკვევა, რომ ბაჩიაშვილმა 131 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტში 100 მილიონი დოლარის წაგება მოახერხა, რაც მხოლოდ დავალებისა და შეგნებული ქმედების პირობებში შეიძლებოდა მომხდარიყო.
როგორც ჩანს, მიღებული პრაქტიკაა, რომ ბიზნესის სფეროში დასაქმებულ აგენტს ამერიკელები მძიმე აფიორას ავალებენ და შემდეგ წირავენ. ყველას გვახსოვს, რა ბედი გაიზიარა პატრის ლესკუდრონმა ამერიკელებთან მუშაობით. ასევე გაწირავენ ისინი ბაჩიაშვილსაც, რადგან, როგორც ცნობილია, ამერიკული სპეცსამსახურები საკუთარი აგენტების ბედზე ზრუნვით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან.
ამ საქმეში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ბაჩიაშვილს ადვოკატად მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი მიუჩინეს, რითაც ჩემთვის წრედი საბოლოოდ შეიკრა. ყველას გვახსოვს, როგორ წარიმართა თავის დროზე ხოდორკოვსკის საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ადვოკატს სასამართლოსთვის ფინანსური განმარტებები წარედგინა, რაც მის კლიენტს ბრალს შეუმსუბუქებდა, მან საქმეს თავიდანვე პოლიტიკური დატვირთვა შესძინა, რამაც ხოდორკოვსკის მდგომარეობა დაამძიმა და საბოლოოდ, მას რვა წლის გატარება მოუწია ჩიტაში, ყველაზე მძიმე ციხეში, საიდანაც ხშირად ცოცხალი ვერ ბრუნდებიან. როდესაც ბაჩიაშვილს ასეთი „მიღწევების“ მქონე ადვოკატი მიამაგრეს, ცხადია, რა არის მისი მორიგი დავალება.
დანაშაულის ჩამდენი ბიზნესმენი სპეცსამსახურებისთვის ყველაზე იოლი ლუკმაა. ასე იქცა სპეცსამსახურების აგენტად ახალგაზრდა ჯორჯ სოროსიც, როდესაც მან დიდ ბრიტანეთში ვალუტით ვაჭრობისას მძიმე დანაშაული ჩაიდინა. მას შემდეგ, სოროსი გამოიყენება როგორც მთავარი ბრენდი და შირმა სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დასასუსტებლად, რევოლუციების მოსაწყობად და აგენტოკრატიების დასამყარებლად. სპეცსამსახურები ჯორჯ სოროსის ფონდს ამ ყველაფრის მთავარ ინსტრუმენტად იყენებენ, სოროსი კი ზუსტად ისევე მართავს თავის ფონდს, როგორც ბაიდენი ამერიკას.
ზუსტად ასევე იყენებენ სპეცსამსახურები კიდევ ერთ დამნაშავე ბიზნესმენს, დავით კეზერაშვილს, რომელსაც უსაფრთხოებისა და ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის სანაცვლოდ, საქართველოში რევოლუციური პარტიების, ენჯეოებისა და მედიის დაფინანსება და ევროპელი პენსიონერების ძარცვა უწევს. ამ უკანასკნელი საქმიდან ამერიკელები ორმაგ მოგებას ნახულობენ – ფინანსურ მოგებას იღებენ და ევროპას ანგრევენ, რისთვისაც კეზერაშვილი ერთ-ერთ შირმად გამოიყენება.
დარწმუნებული ვარ, ბაჩიაშვილიც სხვა ბიზნესმენი აგენტების ბედს გაიზიარებს. ბრალის სიმძიმის გათვალისწინებით, მას ციხეში, სავარაუდოდ, წლების გატარება მოუწევს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, სპეცსამსახურები მას იმ ფულსაც არ შეარგებენ, რაც დარჩება. ბაჩიაშვილს ჯერ პოლიტპატიმრად გააფორმებენ, შემდეგ პოლიტიკაში შეიყვანენ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავებენ და ენჯეოების დაფინანსების ვალდებულებასაც აკიდებენ. როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატმა მის პოლიტიკურ მრწამსზე დაიწყო საუბარი, რომელიც ბაჩიაშვილს არასოდეს გამოუვლენია, ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა. „ფეისბუქსა“ და სხვა სოცქსელებში ბაჩიაშვილის აქტივობებიდან ჩანს, რომ მას პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზე არასდროს არავითარი კომენტარიც კი არ გაუკეთებია. როდესაც მისი უცხოელი ადვოკატი ასეთ უხეშ ტყუილს კადრულობს, ცხადია, რომ ის სინამდვილეში არა ადვოკატის, არამედ აგენტის მისიით მოქმედებს.
ბაჩიაშვილის დასაცავად სპეცსამსახურებმა უკვე დარაზმეს ოპოზიციური მედია, რაც ჩემი დასკვნის საფუძვლიანობის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია. რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილის დაპირისპირება ივანიშვილს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ვიდრე ბაჩიაშვილს უკანასკნელი დოლარი დარჩება, სპეცსამსახურები შეეცდებიან, ეს ფული მთლიანად ბიძინა ივანიშვილზე წნეხის შექმნას მოახმარონ“, – აცხადებს შათირიშვილი.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის