“ჩვენი საზოგადოების პრობლემა პოლარიზაცია და სრული უიმედობაა” - სანდრო თვალჭრელიძე
“ამგვარ სამიტებზე რეალურად არაფერი წყდება.
როგორც წესი, მათზე კულუარული მოლაპარაკებისას მიღწეული შეთანხმებების გახმაურება და ოფიციალური გაფორმება ხდება ხოლმე. ახლაც იგივე იყო. კი, უკრაინაზე უფრო მეტი გადაწყვეტილება გაცხადდა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, უკრაინა ახლა ომშია და მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია, მაგრამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებითი წინსვლა არც მას ჰქონია. კი ბატონო, ითქვა, რომ მისი გზა ნატოსკენ მაპ-ის მიღებას აღარ ითვალისწინებს და ალიანსში მისი გაწევრების საკითხი პირდაპირ დადგება, მაგრამ უცნობია, ეს როდის მოხდება. ითქვა, რომ ეს წარმოუდგენელია ომის დასრულებამდე. ღმერთმა ქნას და, ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მერე სხვა რამ იქნება წინაღობა. მაგალითად, ის მასშტაბური კორუფცია, რაც ამ ქვეყანაში ომამდეც იყო და ახლაც არი - არაერთი მაღალჩინოსანი თუ სამხედრო პირი მოხსნეს, ნაწილი დააკავეს, ვინც ამ ურთულეს დროსაც კი ქვეყანას ძარცვავდა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი საზოგადოების პრობლემა პოლარიზაცია და სრული უიმედობაა”.
“იქამდე მივიდა საქმე, რომ უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ. მოკლედ, უკრაინასაც ნატომდე დიდი გზა აქვს გასავლელი, ისევე როგორც საქართველოს, რომლისთვისაც ვილნიუსის სამიტზე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა - რა მოცემულობაც გვქონდა, იგივე დარჩა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თურქეთის თანხმობა შვედეთის ალიანსში გაწევრებაზე. ერდოღანმა როგორც ბრძანა, ახლა არდადეგებია და ამ გადაწყვეტილების რატიფიკაციას თურქეთის პარლამენტი ოქტომბერში მოახდენსო. ამ გადაწყვეტილებას წინ დიდი მოლაპარაკებები უძღოდა, ძირითადად, აშშ-სა და თურქეთს შორის, თუმცა მათი შინაარსი ფარდის მიღმა დარჩა. ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რა მოითხოვა და რა მიიღო თურქეთმა ამის სანაცვლოდ. ფაქტია, ერდოღანი იმის ჩიტი არ არის, თავისი აზრი უბრალოდ შეეცვალა და რაღაც სარგებელი არ მიეღო... ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთი ომის შემდგომ. ჩვენ ნატო უპირველესად გვჭირდება იმისთვის, რომ რუსეთისგან დავიცვათ თავი და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ჩემი დაკვირვებით, ჩვენი პარლამენტის “მჩქეფარე პატრიოტებისა” და მთავრობის რიტორიკა განსხვავებულია. მთავრობა უფრო თავშეკავებულია და ამბობს, ჩვენში სიტყვის თავისუფლებაა, ვისაც რა უნდა, ამბობს, მაგრამ სხვაგვარია რეალური პოლიტიკაო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ეჭვი არსებობდა, თითქოს რუსეთი საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლას ახერხებდა, ამის დამადასტურებელი ვერც ერთი საბუთი ვერ მოიძებნა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არა მგონია, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ლაყბობას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს გამოჩნდა ბოლო დროს საქართველოში ვიზიტად მყოფი არაერთი დასავლური დელეგაციის პოზიციაში. მე თუ მკითხავთ, ჩვენს საზოგადოებას სულ სხვა პრობლემა აქვს - ეს არის არნახული პოლარიზაცია და სრული უიმედობა. სამწუხაროდ, ქართველ ამომრჩეველს პოზიტიური არჩევანის საშუალება არა აქვს - ან ვაის უნდა შევეყაროთ, ან უის, ვგულისხმობ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”. საქართველოში დღეს პოლიტიკა კვდება, დარჩენილია სრულიად ტლუ სახეების ანაბარა, რომელთაც არც ერთი ახალი იდეა არ გააჩნიათ”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი კანონის უზენაესობაა და რაც არ უნდა მოხდეს, ის უნდა იყოს დაცული. არ ვიცი, რას ეფუძნებიან ევროპარლამენტარები, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ ხომ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ გაიზიარა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა უკანონობას სჩადის საქართველო? სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დაუსაბუთებლად თქვეს სადმე, რომ ქართულ კლინიკაში მას არასათანადოდ მკურნალობენ? - მე მსგავსი არაფერი მომისმენია. მაშ, რატომ უნდა გადაიყვანონ, რომელიმე სამედიცინო სერვისი სჭირდება და არა აქვს? მსოფლიო ისტორია იცნობს ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის გამოტანილ განაჩენებს და იმასაც, როგორ იხდიდნენ სასჯელს ციხეში. სააკაშვილსაც მოუწევს სასჯელის მოხდა, თან უკვე აღარც ამბობენ, რომ კვდება, მეტიც, პოლიტიკურად გააქტიურდა, დღე ერთია და, ცხრა განცხადებას ავრცელებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მოგეხსენებათ, ახლახან მასთან პოლონელი ექიმები შევიდნენ და რაღა დაგიმალოთ, გამაოგნა იმ ინციდენტმა, რაც მოხდა. როცა ჰქონდათ ყველა ანალიზისა და ნიმუშის ოფიციალურად აღების საშუალება, რატომ უნდა გამოეტანა ვიღაცას ფეხსაცმლით რაღაც მასალა? არ ვიცი, ჩემთვის ეს აუხსნელია, მხოლოდ ეჭვი შემიძლია გამოვთქვა, რომ შესაძლოა ფალსიფიცირება სურდათ, რასაც შემდგომ ისევ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალებდნენ. სხვა რა შეიძლება ვიფიქრო, არ ვიცი... რაღაც აფერასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, ის ექიმები აღარ უნდა შეუშვან სააკაშვილთან. რაც შეეხება რადის მოთხოვნას, არა მგონია, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს... ოპოზიციამ ვერაფერი მოიგონა, გარდა იმისა, რომ იძახოს, “რუსული ოცნებაო”. ამ ყელში ამოსული ფიგურების გადალაგ-გადმოლაგება არაფერს შეცვლის. თვითონ ეს ფიგურები არიან შესაცვლელი. ეს ოპოზიცია გინდა გააერთიანე, გინდა არა, მაგათ რეიტინგს არაფერი ეშველება. 1%-იანი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატობა რა ქულებს მისცემს ოპოზიციას, არ მესმის. ასე თუ გაგრძელდა, შემდეგ არჩევნებში ელექტორატის არნახულად დაბალი აქტიურობა იქნება, შედეგად კი ისევ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
“ერთადერთი, ვინც მეტ-ნაკლებად სწორად იქცევა, გიორგი გახარიაა. ის ამბობს, რომ არ აპირებს არავისთან გაერთიანებას და მართალია, რადგან ამით კი არ მოიმატებს ქულებს, არამედ კატასტროფულად დაკარგავს. გახარიას აქვს იმედი, რომ გაწბილებული ამომრჩეველი, რომელსაც არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა” მასთან წავა და ეს საკმაოდ რეალურია. სხვა საქმეა, რომ როგორც ჩანს, სუსტი ფინანსური რესურსი აქვს და ჯერ საკმარისად ვერ აქტიურობს, მაგრამ ვნახოთ, როგორ მოემზადება საარჩევნოდ, როგორი იქნება მისი საარჩევნო კამპანია”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თბილისში რუსებისთვის იქმნება ახალი სატრანზიტო ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ევროპაში ფრენა გახდება შესაძლებელი~, - განაცხადა ვნუკოვოსა და აზიმუტის ავიახაზების თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა. გარდა ამისა, გასულ კვირას კიდევ ერთმა რუსულმა კომპანიამ დაიწყო საქართველოს მიმართულებით ფრენა. რას იტყვით, მთელი ეს პროცესი საფრთხეს არ შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის?” - პასუხობს:
“გმადლობთ ამ კითხვისთვის. ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს. მიმაჩნია, რომ მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ქვეყანაში რუსების შემოსვლა. თბილისში ეგენი დიდად ვერ ხარობენ, აქ აშკარად კუდი აქვთ მოჭრილი, მაგრამ ბათუმში საშინელება ხდება. ახლახან ვიყავი და გული გამისკდა იმით, რაც იქ ვნახე!”
“თან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი რუსეთის მოქალაქეების მიმართ უფრო შემწყნარებელია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისადმი. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, არ შეგვიძლია სრულად შევზღუდოთ მათი შემოსვლა, მაგრამ საზღვარზე უნდა დაწესდეს ძალიან მკაცრი კონტროლი. ვიღაცები არ უნდა შემოუშვან და რაც მთავარია, საქართველოში კანონი რუსების მიმართ სრული სიმკაცრით უნდა აღსრულდეს. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი კონფლიქტი ხდება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის. მაგალითად, შესახლდებიან სახლში, არ უხდიან ფულს მეპატრონეს და არც ბინას ცლიან. პოლიცია მათ არ ასახლებს, მაშინ, როდესაც ლტოლვილებს ხშირად 24 საათში უბინაოდ ტოვებენ ხოლმე. რუსებმა საქართველოში უნდა იგრძნონ, რომ არაკეთილმოსურნე ქვეყნის ტერიტორიაზე არიან. თბილისში ამას გრძნობენ, თუმცა მიკვირს რიგი ქართველების, მათ შორის აჭარლების, ასე რომ უხარიათ მათი ჩამოსვლა და ამბობენ, ისინი უფრო ბევრ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ქართველებიო. ასე ფიქრი და მოქცევა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ამგვარმა მიდგომამ შეიძლება დაგვღუპოს”, - დაასკვნის თვალჭრელიძე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი