"ჩვენ წინ გველოდება მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, რადგან ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში პოზიციების მარტივად დათმობას არ აპირებენ"- სალომე სამადაშვილი

ჩვენ წინ გველოდება მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, რადგან ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში პოზიციების მარტივად დათმობას არ აპირებენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, „რუსულმა ოცნებამ“ იცის, რომ შემდეგ არჩევნებზე რუსეთი და მათი მოკავშირეები განწირულნი არიან მარცხისთვის და სწორედ ამისი გამოძახილია ძალადობის კამპანია.

 

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, შემდეგი არჩევნები იქნება მთავარი წყალგამყოფი საქართველოს მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით.

 

„საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ უკვე გაიგო ის სიმართლე, რომ დღეს ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. რა თქმა უნდა, რუსული რეჟიმის ხელისუფლებაში დატოვებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ამიტომ რუსულმა ოცნებამ იცის, რომ შემდეგ არჩევნებზე რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში, განწირულნი არიან მარცხისთვის, სწორედ ამისი გამოძახილია ძალადობის კამპანია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ჩვენ წინ გველოდება მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, რადგან ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები მარტივად პოზიციების დათმობას ჩვენს ქვეყანაში არ აპირებენ, მითუმეტეს მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლების და ივანიშვილის ხელისუფლების მარცხი ასევე, გარდაუვალია უკრაინაში.

 

ერთი რამ არის ნათელი, რომ შემდეგი არჩევნები და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები იქნება მთავარი წყალგამყოფი ამ ქვეყნის მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით. არაერთხელ გააფრთხილეს „ქართული ოცნება“, რომ ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი და ნებისმიერი სხვა გზით, მათ შორის, 2020 წელს როგორც ჩატარდა არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე, მსგავსი მეთოდებით ჩატარებულ არჩევნებს ცხადია, არ ექნება აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო კონფერენციაზე „პუტინიზმის დამარცხება" მმართველი გუნდის არმონაწილეობის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის და ვლადიმერ პუტინის გვერდზე დგას.

 

„დღეს თავისუფალ სამყაროში ყველას ესმის, რომ უკრაინის გამარჯვებაზე და პუტინიზმის დამარცხებაზე არის დამოკიდებული არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ბედი, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს ბედი. ამიტომ ცხადია, რომ დღესაც ყველგან სადაც საუბარია დემოკრატიული მსოფლიოს მომავალზე, პუტინიზმის მარცხზე, ნიშანდობლივია, რომ აქ მმართველი პოლიტიკური გუნდიდან არც ერთი წარმომადგენელი არ არის წარმოდგენილი, რადგან ცხადია, რომ როდესაც შენ ემსახურები ვლადიმერ პუტინის რეჟიმს, კონფერენციაზე, სადაც მსჯელობა მიდის ამ რეჟიმის დამარცხებაზე - „ქართული ოცნება“ არ თვლის შესაძლებლად და საჭიროდ მონაწილეობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სად დგას დღეს „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ დგას რუსეთის გვერდზე, ვლადიმერ პუტინის გვერდზე და სწორედ ამიტომ არ არიან დღეს ისინი კონფერენციაზე, რომელსაც ჰქვია „პუტინიზმის დამარცხება“.

 

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც შეეცადა, რომ რუსული კანონი მიეღო და ამ კონფერენციის ორგანიზატორებიც და ბევრი სხვა ადამიანი, რომელიც აქ იმყოფება, გამოაცხადა აგენტებად, ისევე როგორც ეს გააკეთა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში, ცხადია, იტყვის, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ეხმარება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, არის ქვეყნის მტერი. ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმისათვის, რომ მან გადაწყვიტა ევროკავშირში ვიზიტებით მხარი დაეჭირა და მოეპოვებინა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს ადასტურებს, იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ - საქართველოს დღეს მართავს საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც პირდაპირ იმართება კრემლის მიერ, რეჟიმი, რომლის დღის წესრიგიც არის შეასრულოს რუსეთი დავალებები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წაკითხვა 405 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 04 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.