პარლამენტში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, ხმის გამაძლიერებელი და სიგნალის მოწყობილობების ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება
პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება.
აღნიშნული წერია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში “პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა.
პარლამენტის თავმჯდომარის ახალი ბრძანების მიხედვით, ვიზიტორის საშვის დაშვების უფლების მქონე პირი ვალდებული ხდება, საშვის დაშვებისას ვიზიტორის პარლამენტის სასახლეში შესვლის მიზანი მიუთითოს: - შეხვედრა ან ღონისძიებაში მონაწილეობა. ვიზიტორის საშვის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაშვების უფლება ღონისძიების ჩატარებისთვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს ან პირს ენიჭება.
ამავე ბრძანებით პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის ქცევის წესი რეგულირდება. კერძოდ, ვიზიტორი ვალდებულია პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას ხელი შეუშალოს.
ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტორის ჩაცმულობა პარლამენტის სასახლეში არსებულ სამუშაო გარემოს უნდა შეესაბამებოდეს.
ამასთან, ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
ვიზიტორი ვალდებული იქნება პარლამენტის სასახლეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და მანდატურის სამსახურის მანდატურის მითითებებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანდატურებს უფლებამოსილება ექნება ვიზიტორს პარლამენტის სასახლე დაატოვებინოს.
ამავე ბრძანების გათვალისწინებით, ვიზიტორის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დარღვევის სიმძიმისა და მისი გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე პრევენციული ღონისძიება განახორციელოს. კერძოდ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლეში შესვლა 1 წლამდე ვადით შეუზღუდოს.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი