მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის
მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კიდევ ერთხელ ცვლის "საარჩევნო კოდექსის" იმ მუხლებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევას შეეხება. მმართველი პარტიის წევრის, დეპუტატ გივი მიქანაძის ნათქვამით ირკვევა, რომ ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტს არ უბრუნდება ცესკოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება.
მიქანაძის თქმით, კანდიდატების დასამტკიცებლად საჭირო იქნება 90 დეპუტატის (სრული შემადგენლობის 2/3-ის) მხარდაჭერა. თუ ამ კენჭისყრაზე ხმები ვერ მოგროვდა, საკითხის დამტკიცებისთვის განმეორებით კენჭისყრაზე 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისი იქნება. კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება 76-ხმიანი კვორუმით კენჭისყრის მესამედ ჩატარებაც. თუ კანდიდატებს ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩევენ, უკვე პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას.
"ზაფხულში, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შუალედური შეფასება გამოქვეყნდა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გამოთქვა მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. უახლოესს პერიოდში ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა უნდა დადოს, არ გვინდა არც ერთი კითხვა არსებობდეს - საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და სამართლიანად უნდა მიიღოს", - თქვა მიქანაძემ.
საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის ივლისში დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც არ ეთანხმებოდა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების არჩევის პროცესის გამარტივებას. ცვლილებების შემდეგ 100 ხმის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა 76 ხმით გახდა შესაძლებელი. პრეზიდენტის შეთავაზება იყო კანდიდატის 90-ხმიანი მხარდაჭერით არჩევა.
იმის გამო, რომ კანდიდატების დასამტკიცებლად 100 ხმა იყო საჭირო, მმართველი პარტია სასურველ კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრებად ვერ ამტკიცებდა - საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ 84 დეპუტატია, რაც მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ კანდიდატი 6 თვით დაინიშნოს.
გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დღეს, 6 სექტემბერს შევა და თვის ბოლომდე საკითხს მიიღებენ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
