"ოპოზიციამ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე საბოლოო უარი არ იქნება"- გიორგი ვაშაძე

ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, [კანდიდატის სტატუსზე] საბოლოო უარი არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია... 9-დან 9-ვე პუნქტი შესასრულებელია და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი... რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს.

 

„ბატონი ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით მინდა „გამარჯვების პლატფორმისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეჯამება წარმოგიდგინოთ, რა დასკვნები შეიძლება აქედან გამოვიტანოთ. პირველი, პოლიტიკური კონსენსუსი და გადაწყვეტილება, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, არსებობს. მეორე, გავხდებით მაშინ, როცა მზად ვიქნებით. მესამე, ჩვენს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერ გავხდებით, ვიდრე რუსეთთან მოთანამშრომლე „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, დეკემბრის ბოლოს კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ. მეოთხე, ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, საბოლოო უარი არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ბლეფი საბოლოდ დასრულდა. შესაბამისად, 9-დან 9-ვე პუნქტი შესასრულებელია და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და ამას ითხოვს საქართველოსთვის. ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს და ის, საქართველოს განიხილავს, როგორც მომავალში თავის სრულუფლებიან წევრს. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა. ეს არის გუშინდელი ყველა შეხვედრის რეალური შეფასება.

 

რაც შეეხება 9 პუნქტს, რომელიც შესასრულებელია - დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა ეს პუნქტები შესრულდება, დეპოლარიზაციისკენ გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც ესმით, რომ 12 რეკომენდაციის სრულფასოვან შესრულებზე გადის. დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ამოცანას, რომელიც ჩვენს თაობას გვაქვს დაკისრებული ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე, აუცილებლად შევასრულებთ. „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს გზა აურიოს, რუსულ ორბიტაზე გადაგვიყვანოს, რადგან ხალხის ნებას ისინი ვერაფრით დაუპირისპირდებიან. ძალა ერთობაშია, აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა ისინი ხელისუფლებასთან ამ საკითხზე, ასე პასუხობს:

 

„ყველა ინიციატივას, რომელიც შესაბამისობაში იქნება 12 პუნქტის შესრულებასთან, მხარდაჭერა ექნება სრულიად ოპოზიციისგან, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო ეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

კითხვაზე, თუ რას იტყოდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის გეგმა გადასცა ჯოზეფ ბორელს, ვაშაძე პასუხობს: „ეს არის კიდევ ერთი მორიგი ბლეფი“.

 

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი „საბოტაჟნიკი“, რომელიც ცდილობს ევროინტეგრაციის გზას აგვარიდოს. პოლიტიკური კონსენსუსია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. უბრალოდ, რუსეთთან მოთანამშრომლეებთან ერთად ვერ გავხდებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

მან ასევე, გურიაში მიმდინარე სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და შექმნილი ვითარების გამო მწუხარება გამოთქვა.

 

„ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა გურიაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით, ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან მძიმეა, რომ ყველა სტიქია უკვე ადამიანების სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. მინდა კიდევ ერთხელ, ყველა ოჯახს ღრმა მწუხარება გამოვუხატო ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

წაკითხვა 438 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.