"პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია" - ნიკა მელია
დღემდე, პარტიის გახლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია; ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.
ნიკა მელიას თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარტიაში დღეს მძიმე ვითარებაა და აღნიშნა, რომ მენეჯმენტის მხრიდან შეცდომების აღიარების შემდეგ გამოსწორდება ვითარება.
„ჩემი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ორმაგ ტყვეობაში იმყოფება. ყოველთვის ვცდილობ, მის გაკეთებულ კომენტარებზე შეფასებები არ გავაკეთო, რომელიც შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. მან ასევე ისაუბრა პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, პარტია 5 თებერვლის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანი, პრაქტიკულად, გაყარა პარტიიდან. აქ არ არის საუბარი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე. მე მოვულოცე მათ და დაიხურა ეს მძიმე ფურცელი. დღემდე, პარტიის ხლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო. ჩემი შეფასებები ძალაში რჩება და ეჭვიც არ მეპარება, რომ პარტიაში დღეს არის მძიმე ვითარება. თუ გვინდა, გამოსწორდეს, მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და მხოლოდ ამის შემდეგ არის გამოსწორება შესაძლებელი“, – განაცხადა მელიამ.
მელიას თქმითვე, მისი გეგმა უცვლელია, რომ იყოს ხალხთან ერთად და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის ინტერესის გათვალისწინებით მოხდება.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლაზე თუ აპელირებთ, პარტიას იდეურად დაშორდა უამრავი ადამიანი, რომლებიც დღეს არიან პარტიულ მენეჯმენტში. პარტია არ არის მხოლოდ საარჩევნო ნომერი და ლოგო, არის ღირებულება, ფასეულობა, იდეა და ამ ყველაფერს თუ ვინმე დაშორდა და დატოვა პარტია, არის ამ პარტიის ხელმძღვანელობა. პირდაპირ გეუბნებით, ვისაც გჯერათ, რომ დღეს პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები. ასეთ ხალხთან საკამათო არაფერი მაქვს. ხალხის განწყობა, არა მარტო უბრალოდ პოტენციური ამომრჩევლის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის, სამწუხაროდ, არის არასახარბიელო პარტიის ინტერესებისთვის. ამ ყველაფერს სჭირდება მენეჯმენტის მხრიდან აღიარება, რომ დავუშვით შეცდომები, შევქმენით პრობლემები და არათუ პოტენციური ამომრჩევლის მოზიდვის შესაძლებლობა დავკარგეთ, არამედ გადაწყვეტილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი შუაში გავყავით, ეს ყველაფერი განგებ მოხდა, უნებლიედ. ამაზე საჭიროა საუბარი მათი მხრიდან. შეცდომას თუ არ აღიარებ, ის არ გამოსწორდება. ჩემთვის მთავარია სიმართლე. იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, დღეს პარტიას ლევან ხაბეიშვილი მართავსო, არ დავიჯერებ, რადგან ეს სიმართლე არ არის. უნდა შევეჩვიოთ სიმართლის თქმას.
მე მაინტერესებს საზოგადოება, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება და 2013 წელს შევუერთდი დამარცხებულ პარტიას. რიგი ადამიანები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტიდან, სრულიად მოწყვეტილი არიან პარტიაში არსებულ რეალობას. პარტიას, ფრაქციებს როდესაც ტოვებენ ადამიანები და შენ მათ უწოდებ სუს-ის თანამშრომლებს, არ ინტერესდები მათი წუხილით, სულ მცირე აუცილებელია პატივისცემის გამოვლენა ათასობით ერთგული ამომრჩევლისადმი“, – განაცხადა მელიამ.
შეკითხვაზე, „სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავა, განულდება, თქვენ ხომ არ გგულისხმობდათ?“ ნიკა მელიამ აღნიშნა:
„არავითარ შემთხვევაში. არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ოდესმე შეიძლება, გავნულდეთ. მარტივი მიზეზის გამო. გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ხალხის ინტერესთან ახლოს. არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მე მიგულისხმა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, კარგად ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის