"სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს არ გამორიცხავს და ემზადება, აშკარაა, ამ სცენარზე ნაფიქრი აქვს და აქვს გეგმები"- ალეკო ელისაშვილი
სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს არ გამორიცხავს და ემზადება, ამაზე ძალიან მშვიდად და წყნარად მესაუბრებოდა, პრაგმატულად უყურებს ამ შესაძლებლობას; აშკარაა, რომ ამ სცენარზე ნაფიქრი აქვს და აქვს დაშვებები და გეგმები, რა უნდა გააკეთოს - ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს მწყობრი გეგმა, იმპიჩმენტის შემთხვევაში, როგორ არ დაჯდება სახლში და როგორ იქნება აქტიური.
„რამდენიმე წლის წინ უშვერად ვლანძღავდი, შემდეგ ბოდიშიც მოვუხადე, დღეს კი პირად მცველად დავუდგები რადგან სალომე ზურაბიშვილს ათასჯერ მეტი რესურსი აქვს რომ მე და ჩემს შვილებს აგვისრულოს სახელმწიფოებრივი ნატვრა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის წევრები“,- განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორ პოზიციაზეა.
„თუ „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს განახორციელებს, ეს იქნება მორიგი რუსული სცენარის განხორციელება, იმიტომ, რომ ამით „ქართული ოცნება“ კოჭს გაუგორებს რუსეთს. სალომე ზურაბიშვილს რას ედავებიან - "საგულაოდ" ხომ არ დადის?! - მაკრონს და შტაინმაიერს ხვდება. ერთადერთ ვიზიტზე ვახლდით პრეზიდენტს ლიეტუვაში. სალომე ზურაბიშვილზე რა წარმოდგენაც მქონდა ერთი ათად გამეზარდა იქ საუბრის დროს. ძალიან უღმერთოდ ვაკრიტიკებდი. სალომე ზურაბიშვილსაც ვუთხარი - გული მისკდებოდა, მეგონა „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკას გააგრძელებდა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი სწორ პოზიციაზეა. მყარი მოცემულობები არ არსებობს. შემეცვალა შეხედულება და ბოდიშიც მოვუხადე. ვაკრიტიკებდი იმიტომ, რომ მიმაჩნდა, რომ რუსეთისკენ უნდა წავეყვანეთ, არადა ეს არის ადამიანი, რომელიც მაკრონს და გერმანიის პრეზიდენტს პირდაპირ ელაპარაკება, ხვდება და არწმუნებს. ერთ შეხვედრაზე ვახლდი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ასეთი მიმწოლი იყო და სწორად, არგუმენტებით ეუბნებოდა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს - 9 აპრილიდან მოყოლებული სისხლი ვღვარეთ, რომ ევროპა ისეთი ყოფილიყო, როგორიც არის. მაგას [საქართველოს ხელისუფლება არ იმსახურებს სტატუსს] არ ეუბნებოდა. ეუბნებოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ უნდა მიიღოს ეს სტატუსი, რადგან ჩვენ, ჩვენი თავგანწირვით, თავდადებით, სისხლის ღვრით დავიმსახურეთ ეს“,- განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება იმას, მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ოპოზიციიდან მოაგროვოს, ელისაშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია.
„გავიხსენოთ კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით რა მოხდა - მოულოდნელობისგან ყველამ პირი დავაღეთ. ვიცოდით, რომ დეკლარირებულად „ქართული ოცნების“ კანდიდატების სახელები დგებოდა კენჭისყრაზე და გვეგონა, ჩავარდებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისცა ხმა. მერე ზოგი ამბობდა, მიმეჭირაო. სასაცილო იყო, რომ თავად „ნაცმოძრაობამ“ ატეხა ამბავი, გავიდეთ დარბაზიდან, რომ ვინმეს ხელი არ მიეჭიროსო. მაშინ ანეკდოტური ვითარება იყო. ვინც ხელი მიაჭირეს, ადგნენ და ისინი გავიდნენ - რას შვრებოდნენ, თავის თავს არ ენდობოდნენ? ჩვენ არ გავსულვართ. საერთო ჯამში, პრევენციისთვის, არაა ცუდი იდეა [კენჭისყრაზე არშესვლა], რომ დაზღვეული ვიყოთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დაფაცურებულები არიან“.
„ქართული ოცნება“ რეალურად ძალიან ემზადება იმპიჩმენტისთვის. ერთია ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს იკატუნებს და ამბობს - ჩვენთვის რთულია 100 ხმის მოგროვება და ალბათ ვერ ავწევთ, არავისთან კონსულტაციას არ ვაწარმოებთო - ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიურადაც მუშაობენ. მეორე - სერგეენკოს მანდატი არ შეუჩერეს, იმიტომ რომ თითოეული ხმა სჭირდებათ. კენჭისყრაზე რომ დადგა, ქეთი დუმბაძეს შეუჩერეს მანდატი, სერგეენკოს- არა“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ალეკო ელისაშვილის აზრით, „ვინც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ის რუსულ საქმეს გააკეთებს“.
„დათქმები და ვაჭრობა სალომე ზურაბიშვილისთვის, გულისამრევია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, მერე ხომ ყველა დარწმუნდება რომ ერთია ალხანა, მეორე ჩალხანა. უბრალოდ, ერთი წითელი ფერის 5 ნომერი, მეორე 41 ნომერი და ლურჯი. თუ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს „ქართული ოცნება“ რომელიმე ოპოზიციური ჯგუფიდან მიიღებს, ეს რუსული საქმე იქნება და გამოჩნდება, ვინ არის შეკრული და ვინ - არა. აღდგომა და ხვალეო - იმპიჩმენტის კენჭისყრის დღე დადგება და ვნახოთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი