"მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება"- ლევან ბეჟაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, ეს საბჭო საკუთარ თავში გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ისე სამოქალაქო აქტივისტებს და იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს პოლიტსაბჭოზე ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან ჯერჯერობით მოლაპარაკებისა და დამუშავების სტადიაზეა ეს თემა. გუშინ გამოიკვეთა კონტურები შესაძლო შეთანხმებების მიღწევის. ბუნებრივია, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საბჭოში წევრობის საკითხზე მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე, პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან და ასევე კობა ნაყოფიასთან მიდის.
პოლიტიკოსმა აქვე განმარტა, რომ ამ საბჭოს არ ექნება მმართველობითი ფუნქცია.
„არ არის საუბარი მმართველობითი რაღაც ნახევრად ფორმალური თუ არაფორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. საუბარია პლატფორმაზე, შესაძლებლობაზე, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საერთო ხედვები, როგორი უნდა იყოს ოპოზიციურ ველზე, ზოგადად საარჩევნო გარემოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციონირება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით უნდა იქნას მიღებული. არანაირი მმართველობითი ფუნქციების ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. ეს იქნება ერთგვარი სათათბირო საბჭო, რომელშიც მოხდება ყველა აქტუალური საკითხის განხილვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი ინფორმაციით, კონსულტაციები, ამ ეტაპზე, ნიკა მელიასთან მიდის და კობა ნაყოფიასთან“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი