"ოთარ ფარცხალაძეს თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს" - გია ვოლსკი

ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო თანამდებობაზე 10-11 წლის წინ იყო. მას თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის  თქმით, საქართველი ის ტერიტორია არ არის, სადაც რუსეთი ან რუსეთში მოღვაწე ნებისმიერი ბიზნესმენი საერთაშორისო სანქციებს თავს არიდებს.

„2013 წლის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო სტრუქტურებთან სიახლოვეს საერთოდ არ გამოჩენილა. კითხვები მას შემდეგ უნდა დაისვას, რაც საკითხი შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნება შესწავლილი. არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები რაიმე ნიშნით დაკავშირებული იყოს საქართველოს დღევანდელობასთან. ფლობს თუ არა საიდუმლო ინფორმაციას? 10-11 წლის წინანდელ ნებისმიერ ინფორმაციას ყავლი აქვს გასული, მით უმეტეს, სახელმწიფო დონეზე ვითარება ყოველდღე იცვლება. პროკურატურას უსაფთხოების საკითხებზე წვდომა მისი პროფილის გარდა არ აქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება საკითხს, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ეს პროკურატურამ უნდა თქვას.

„შესაბამისი სტრუქტურები არსებობს და როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია მითითებული, ყველა სტრუქტურა, რომელიც სანქციებზე მუშაობს, საქართველოში გამართულია და მაღალ დონეზე მუშაობს. მართალი გითხრათ, ვინ იყო მისი რეკომენდატორი თანამდებობაზე დანიშვნისას, ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია რომელიმე სტრუქტურასთან. უნდა შეისწავლონ თუ არა შესაბამისმა სტრუქტურებმა? რასაკვირველია, უნდა შეისწავლონ. ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი, რომ ფარცხალაძეს სანქცია დაუწესეს. ვინც საქართველოში მოქმედ კანონს დაარღვევს, რასაკვირველია, შესაბამისი სტრუქტურების საგანი გახდება. ხავსზე ჩამოკიდებული ოპოზიციის და ვითომ პარტიული სუბიექტების ტაშ-ფანდური ნამდვილად ნაადრევია. ერთ-ერთი ტელევიზია მეკითხებოდა, საქართველოს მოქალაქეობა რატომ არ ჩამოართვითო? დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილისგან გინდათ, ადამიანი შექმნათ, რომელსაც რაღაც საიდუმლო ძაფები უკავია ხელში. სინამდვილეში, ეს არის ადამიანი, ვისაც აქვს სიკეთეების უშველებელი ჩამონათვალი, რაც ქვეყნისთვის გააკეთა. სხვა ნიშნით მისი დახასიათება არ შეიძლება. გინდათ, ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს ტალახი მოსცხოთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გახვიდეთ. საუბრობთ, თურმე ქონებები მაქვს და არ ვარეგისტრირებ, ამ ინტრიგაში ვერ აგყვებით. სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან პირნათელი იყოს. პირნათელი რომ არის, ეს გამოჩნდა და ამან ისტერიკაში ჩააგდო მედიასაშუალებები. ამ ისტერიკის გადაფარვა იმით უნდათ, რომ ფარცხალაძე სანქცირებულთა რიგებში აღმოჩნდა. ეს არის ხავსი, რომელსაც მოეჭიდეთ, მაგრამ არ მგონია, გაგიმართლოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

წაკითხვა 662 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.