4 კვირა გაფართოების ანგარიშამდე და 3 თვე საბოლოო პასუხამდე - კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ევროკომისიის ანგარიშამდე 4 კვირაა დარჩენილი, 3 თვე საბოლოო პასუხამდე მოგვანიჭებს თუ არა ვეროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

მანამდე კი საქართველოში ევროკავშირის საელჩოსგან ცნობილი ხდება, რომ განსაკუთრებით პროგრესს მოელიან დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 4 კვირა გაფართოების ანგარიშამდე და 3 თვე საბოლოო პასუხამდე - კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

 

„აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსთა აზრი ორგვარია, ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი „ქართულ ოცნებას" პოლიტიკური სურვილი აქვს, დარჩენილი პუნქტების ერთ კვირაში შესრულება შეუძლია, თუმცა, თუ ეს პუნქტები ღია დარჩა, სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ „საშემოდგომოს გამოგვაყოლებენ". ნაწილი ანალიტიკოსების პროგნოზი კი 50/50-ზეა, მათი თქმით, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება წმინდად პოლიტიკურია, თუმცა, საქართველოს თითქმის ყველა პუნქტში პროგრესი აქვს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„ივნისის ბოლოს მოხდა ზეპირი განახლება და როგორც იცით, ევროკომისიამ შეაფასა, რომ 12 პრიორიტეტიდან 3 სრულად იყო შესრულებული. ივნისის ბოლოდან რამდენიმე თვეა გასული. პროგრესი არის და შეფასება მოხდება ერთ თვეში. ველოდებით გაფართოების ანგარიშს. აშკარაა, რომ პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული. „რამდენიმე კვირა კიდევ დარჩენილია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩაერთვება, მუშაობა გაძლიერდება და გაფართოების ანგარიშის წარდგენამდე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა მოხდება. ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე. „ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა დარჩენილი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გამართავენ შეხვედრას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ", - აღნიშნა ელჩმა. ევროკავშირის ელჩისვე თქმით, „არ სურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა", თუმცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა „ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით". პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ყველა ძალა მობილიზებული იქნება იქითკენ, რომ პროგრესი იქნას მიღწეული“, - განაგრძობს გამოცემა.

 

„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" თუ პოლიტიკური ნება ექნება აღნიშნული პუნქტების შესრულება ერთ კვირაში შეუძლია. „ქართულ ოცნებას" არა მხოლოდ ამ პუნქტების, არამედ სხვა საკითხების შესრულება ერთ კვირაში შეუძლია, თუკი ნება და პოლიტიკური სურვილი აქვს. დარჩენილი დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს თემები განხილულიც იქნას, გადაწყვეტილიც და მიღებულიც. ოღონდ არა მგონია, რომ „ოცნებამ" ეს ყველაფერი გააკეთოს. ეს ის თემებია, ყოველ შემთხვევაში აქედან ერთი-ორი მაინც, რომლის არშესრულების შედეგად სტსტუსს კი მოგვცემენ, მაგრამ, შემდგომ შესასრულებელი იქნება და დავალებად დაგვრჩება. „სტატუსს მოგვცემენ, თუმცა, იმ პირობით, რომ აღნიშნულ თემებზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. „საშემოდგომოს" გამოგვაყოლებენ და „ქართულმა ოცნებამ" უნდა შეასრულოს ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც მას ჰგონია, რომ შეასრულა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან", - დასძენს გამოცემა.

 

„ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება, თუმცა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. „ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოს შანსები 50/50-ზეა. დეპოლარიზაციაზე ისე აქტიურად აღარ საუბრობენ. დეოლიგარქიზაციაზეც გარკვეული გაუგებრობაა, როცა ჩვენ უკრაინული მოდელი გადმოვიღეთ რატომღაც არ მოეწონათ, ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას შორის უთანხმოება იყო ვარგა თუ არა ეს კანონპროექტი. „საბოლოო ჯამში, წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუ ევროკავშირს სურს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მყარად იდგეს, დესტრუქციული ოპოზიციის არეულობის მცდელობები არ იყოს და საქართველოში რუსული პროპაგანდის კიდევ უფრო წინ წაწევას ხელი რომ არ შეეწყოს, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაც შარშანდელიდან მოყოლებული დამსახურებულად გვეკუთვნის. „აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მედიის ჭარბი თავისუფლება გვაქვს. ასევე არის ჭარბი დეზინფორმაცია, რასაც თუნდაც ევროკავშირის კანონმდებლობით ბოლო უნდა მოეღოს.თუნდაც ის მაგალითი რომ გავიხსენოთ, როცა აშშ-ს სამხედრო ბაზაზე ძალიან ცუდი ტყუილი გაავრცელეს. „რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქაც აღინიშნა რომ ეს პროცესი ტალღობრივად მიდის, რომელსაც გარკვეული დრო სჭშირდება, ეს ოთხ თვესა და ერთ წელში არ წყდება. ასევე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც დღემდე სასამართლო მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში არიან, ამიტომაც საქართველოსთვის უდიოდესი თამასის დაწესება არ შეიძლება, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ახალი დამოუკიდებელი ქვეყანაა",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 285 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.