ოპოზიციის ნაწილი კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

“სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას აპროტესტებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ფუფუნებაში ცხოვრობს იმ დროს, როდესაც რიგითი მოქალაქეები ღარიბდებიან.

„მმართველობის მე-11 წელს მმართველმა პარტიამ მთლიანად დაამკვიდრა საქართველოში ოლიგარქია. ნოდარ მელაძის შაბათში ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება ვნახეთ ოლიგარქიის. სწორედ ამ ოლიგარქიისგან გათავისუფლებაზე გველაპარაკება ევროკავშირი, თუ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ხელისუფლება პირადი ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო საკუთრებას, მეორე მხრივ, ხალხი უკიდურეს სიღარიბეშია. 300 ლარს უგდებენ ადამიანებს, რომ „ჩუმად იყავი, ჩემი დავალებები შეასრულე, თვითონ მილიონებს ხარჯავენ საკუთარი ფუფუნებისთვის და ძარცვავენ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი კი მოითხოვს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს როგორც კახა კალაძის, ასევე ირაკლი ღარიბაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ.

 

„ეს ადამიანები საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას. დღეს ხელისუფლებაში იმყოფება „დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

ტვ პირველის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერი, კახა კალაძეს დაფრინავდა. რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად.

 

„სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ. ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსებულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის“, - ნათქვამია ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

 

თბილისის მერი კახა კალაძეც ადასტურებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავს პირადი დანიშნულებით იყენებდა.

 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, კახა კალაძეს თვითმფრინავის დასაქირავებლად გაწეული ხარჯები დეკლარაციაში დეტალურად არ აქვს ახსნილი. ტელეკომპანიას ასეთ მაგალითად მოაქვს კალაძის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით შვეიცარიასა და დუბაიში დასასვენებლად გაფრენა.

 

კალაძეს „ტვ პირველმა“ ჰკითხა, რატომ არ ასახა ხარჯი დეკლარაციაში, მაგალითად, როცა 2022 წლის იანვარში შვეიცარიაში გაფრინდა. კალაძის თქმით, „დეკლარაციაში აბსოლუტურად ყველა ხარჯია ასახული“.

 

„ეს არის პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი იყო. ყველაფერი არის აღწერილი დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევები, როცა სხვას გადაუხდია და გავყოლილვარ. ყველაფერი არის შესაბამის უწყებაში, მიმართეთ და მოგაწვდიან ინფორმაციას ყველა მიღებულ თანხაზე“, — განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძის თქმით, სამთავრობო თვითმფრინავს „გადაუდებელი აუცილებლობის“ დროს იყენებს. ჟურნალისტის კითხვაზე, დუბაიში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წასვლა იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, კალაძე პასუხობს, კი, გადაუდებელი აუცილებლობა იყოო.

 

„ვერ ნახავთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც კახა კალაძეს ოდესმე ბიუჯეტით უსარგებლია ან ბიუჯეტიდან სარგებელი მიუღია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

წაკითხვა 445 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.