"რუსეთთან არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მითუმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა"

ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვინ ტყუის: ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმდა, თუ თავად პრემიერი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

 

„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება. გაგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ? მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას წაადგება, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კითხვაზე, მოლაპარაკებებში იღებდა თუ არა მონაწილეობას ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

 

„არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მითუმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა, მოიწონა და გააფორმა შეთანხმება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 503 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.