"ნებისმიერი განცხადება, რომ პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არის „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ"

ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ქართულ კანონებს იღებს.

 

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, პარლამენტის ღირსების დასაცავად ყველა ზომა მივიღო. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, ტერმინი „რუსული კანონი“. მინდა ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად განვაცხადო ერთი რამ - საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომდგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. ჩვენ რაც მარტში, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ, ეს იყო ტიპური „კაგებეს“ წიგნებიდან ამოკითხულ პროპაგანდის ტაქტიკები, რათა თეთრს დაერქვას შავი, ქართულს რუსული. იმ პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით, მათ უნდოდათ სადისკუსიო თემის დისკრედიტაცია. შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ იარლიყის მიკვრით და ბრენდირებით, არადემოკრატიულად, ზუსტადაც რუსული სტილით, „კაგებეს“ წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა ჩირქი მოსცხეს საქართველოს პარლამენტს. ამ საინფორმაციო შტურმში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი აქტორები. ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე. შესაბამისად, თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ამ დარბაზში არავის მოგცემთ. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არ მოგცემთ. ეს პროპაგანდა არავის გაგივათ, არც ქართველ და არც უცხოელ აქტორს, ქართულ კანონს, ქართულ პარლამენტს რუსული კანონი, რუსული პარლამენტი, რომ დაარქვათ და ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ, თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან რეპლიკები და შეძახილები მოჰყვა.

 

„გავრილოვი რომ დასვით, მაშინ არ იყო ზვიად გამსახურდიას დარბაზი? თქვენ ხართ ხელისუფლება, ვინც პარტნიორებს ეძახის რუსებს“,- აღნიშნეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

 

წაკითხვა 374 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 04 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.