"ოპოზიცია ვიქტორ ორბანს, ევროპელ ლიდერს თავს დაესხა" - ირაკლი კობახიძე
ოპოზიცია ვიქტორ ორბანს, ევროპელ ლიდერს თავს დაესხა. ისინი ნებისმიერი ევროპელი ლიდერის მიმართ მუდმივად აგრესიას ავლენენ, რომელიც საქართველოსადმი ღია მხარდაჭერას გამოხატავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნგრეთის ხმა სჭირდება. „ოპოზიცია ვიქტორ ორბანს, ევროპელ ლიდერს თავს დაესხა. ამას მთავარი, ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ ვიქტორ ორბანი ჩვენი ქვეყნის და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას საპირისპირო ინტერესი აქვს, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, ისინი აგრესიას ნებისმიერი ევროპელი ლიდერის მიმართ მუდმივად ავლენენ, რომელიც გამოხატავს ღია მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ადრე, გახსოვთ, იგივე ოლივერ ვარჰეისზე უხეში თავდასხმები, ახლა ვიქტორ ორბანია. ბუნებრივია, გვჭირდება უნგრეთის ხმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასეთ პირობებში, როდესაც ღიად ესხმით თავს ამ ევროპული ქვეყნის ლიდერს, ეს ყველაფერზე მიანიშნებს.
კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბრო თვითონ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით. ერთ- ერთი ადამიანი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ვიქტორ ორბანი ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელია, რაც უბრალოდ „ფეიკია“. მე შეგახსენთ, თან ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ვიქტორ ორბანს არც ადამიანები უწამებია, არც ბიზნესი დაურეკეტებია, არც ტელევიზიები მიუტაცებია ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით. ამიტომ ეს "ფეიკი“ შეუძლიათ, შეასაღონ იმას, ვისაც შეასაღებენ, მაგრამ ვიქტორ ორბანი ევროპელი ლიდერია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ჩვენს ქვეყანას, რომელსაც სათანადო ფასეულობები აქვს და ეს არის ის, რაც რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სურათი გაუმჯობესებული აქვს და შანსები დადებითი პასუხისკენ არის გადახრილი“.
„ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს სურათი გაუმჯობესებული აქვს. იმის თქმის საფუძველი გვაქვს, რომ ადრე თუ 50/50-ზე იყო შანსები იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ, ახლა შანსები დადებითი პასუხისკენ არის გადახრილი. ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას შეხვედრები გვაძლევს, რომლებიც ჩვენი მონაწილეობით ევროპელ ლიდერებთან შედგა. მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს ახლა, ვიდრე, შარშან ან რამდენიმე თვის წინ გვქონდა“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის