"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს" - დავით კირკიტაძე
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს, ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის ხიდების აღდგენაზე, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
კირკიტაძის თქმით, გასულ წელს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი იმის გამო არ მისცეს, რომ პირობები არ შესრულდა.
„ევროპა გვინდაო, რამდენჯერმე გაიმეორეთ და დადიხართ ჩინეთში, ესწრებით სამიტებს, სადაც ჰააგის სასამართლოს მიერ ბრალდებული ადამიანია, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ხოლო, ვინც ევროპულ დედაქალაქებში დადის, იმ ადამიანს იმპიჩმენტს უცხადებთ. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საინტერესო რაღაც თქვა, ახალ ფორმატებს იგონებთო და მართლა მაინტერესებს, ეს 3+3 რა ფორმატია, რატომ უნდა ვიყოთ იქ, ირანთან ან რუსებთან ერთად? ეს საკითხავია. თუ ასეთი წარმატებულები ხართ, შარშან, როცა მოლდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ქვეყანას რატომ არ მისცეს, შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ წარმატებული კი არა, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ და ჩვენი ხალხისთვის, ის პირობები ვერ შეასრულეთ, რაც გვქონდა. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გავიგეთ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს, ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნდობის ხიდების აღდგენაზე“, - განაცხადა კირკიტაძემ.
მან ასევე ისაუბრა დედაქალაქში შექმნილ საცობებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
„ის საცობები და ის გაუსაძლისი ყოფა, რაც ჩვენს დედაქალაქში და მთლიანად ქვეყანაში ხდება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თქვენ არ გაქვთ ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ჰარმონიულად და როგორ არ უნდა ხარჯავდნენ ადამიანები ყველაზე ძვირფას დროს იმ საცობებში, რომელიც დიახ, იმის გამოა შექმნილი, რომ ხშირ შემთხვევაში, არასწორად მოხდა ჩარევა და ხშირ შემთხვევაში, რაც უნდა გაგეკეთებინათ, რა პროექტებიც იყო, ის არ განახორციელეთ, დააკონსერვეთ. მართლა დანევროზდა ხალხი ამ საცობებში, რომელიც ხელოვნურად შექმენით, არ იაზრებთ, არ გაინტერესებთ და არ გადარდებთ, რადგან თქვენ „ბასლაინებში“ დადიხართ, არ დადიხართ? მთელმა საქართველომ იხილა რარიტეტული მანქანით როგორ გადაადგილდებოდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა „ბასლაინში“, - განაცხადა კირკიტაძემ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის