რა გავლენა აქვს გლობალურ ომებს საქართველოზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

“მსოფლიო ორი დიდი ომის წინაშეა - გლობალურ დონეზე ვითარება განსაკუთრებით ისრაელ-“ჰამასის” დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა, რამაც ანტისემიტურ გამოსვლებს და აგრესიული რიტორიკის ზრდას შეუწყო ხელი, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ვითარება ფეთქებადსაშიშია და საფრთხის წინაშე დგას მათ შორის საქართველო, მით უმეტეს, რომ სამხედრო დაპირისპირება ჩვენს სამეზობლოში მიდის. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში “დანთებული ხანძრებისა”, საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს, რაზედაც ქვეყნის შიგნით ყველამ უნდა იზრუნოს, ეს მმართველი პარტიის მხარდამჭერი იქნება, თუ ოპოზიციის. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ომები საქართველოზე აისახება და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული გლობალურ დონეზე გაიმარჯვებს დემოკრატიული ძალები თუ ანტიდემოკრატიული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გავლენა აქვს გლობალურ ომებს საქართველოზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

 

“გლობალური ომები სამწუხაროდ ყველაზე ნეგატიურად აისახება პლანეტის მასშტაბით, მათ შორის საქართველოზე, თან როდესაც მის ახლო სამეზობლოში ძალიან საშიში ომები მიდის. ბოლო შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ტერორისტული “ჰამასის” დაპირისპირება როდის დასრულდება. გარდა იმისა, რომ შესაძლოა უამრავი დევნილი გაჩნდეს, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეკონომიკურადაც ძალიან ცუდად აისახება, უწინარესად ვგულისხმობ საწვავის ფასებს და ა.შ. რაც ბუნებრივია, შემდგომ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების მომატების თვალსაზრისით. მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში “დანთებული ხანძრებისა”, საქართველო 2012 წლიდან მშვიდობას ინარჩუნებს, ეს ძალიან დასაფასებელია, რაზედაც ყველამ უნდა იმუშავოს, მმართველი პარტიის მხარდამჭერი იქნება თუ ოპოზიციის. რეგიონში სამშვიდობო ოაზისი კარგია, როგორც მშვიდობის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მსხვილი ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. ადამიანთა ცხოვრებაში მშვიდობაზე უდიდესი სიკეთე არ არსებობს, ამიტომაც ეს ყველა მხრივ უნდა იყოს შენარჩუნებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

 

“საქართველოში მარგინალების მხრიდან წაქეზება, მეორე ფრონტის გახსნა, არააქტუალური გახდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი რა არის, რევანშისტების ბოროტი თემა მილევადია, თუმცა, მათ მხარდაჭერას აძლევენ განსაკუთრებით უკრაინიდან ზელენსკის კორუმპირებული მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ეს საზოგადოების განწყობებზე არ მუშაობს და არავის სურს აქ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ უაზრო ომის წამოწყება, რომელიც არაფრისმომტანი იქნება. მთავარია, მშვიდობა, მშვიდობა და მშვიდობა. ბოლო პერიოდში ნაცოპოზიციის პროტესტები ვნახეთ როგორი უბადრუკი გახდა და მხოლოდ რამდენიმე ათეული აქტივისტი მონაწილეობს, თუმცა, ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ რადიკალებს ძალიან მზაკვრული გეგმები აქვთ, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს, სისხლი დაიღვაროს. ეს პირველად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომლის გამოძიება დღემდე მიდის. ეს რადიკალური ძალა მუდმივად ჩასაფრებული იქნება, რომ მანიპულაციით, დეზინფორმაციით, ხელოვნური პრობლემის შექმნით ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს”, - განაგრძობს აბაშიძე.

 

“ვხედავთ, რომ მათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, მხოლოდ რევანშისტობით და შურისძიებით არიან დაკავებულები. მათი რიტორიკა და გზავნილები ზუსტად ასეთია. საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს, ჩვენი სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერი დესტრუქციულ მცდელობასაც კი ძირშივე აღკვეთენ. მომავალი თვეები 2024 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგაც, მშვიდი ცხოვრების საფუძველი არ იქნება. ზედმეტი ოპტიმიზმი არ მიყვარს და მირჩევნია უფრო ობიექტური რეალობის სურათი წარმოვაჩინო, რომ მოდუნება არ ღირს და რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა საჭირო. ყველა მხრიდან, განსაკუთრებით საზოგადოების წევრების მხრიდან”, - დაასკვნის გია აბაშიძე.

 

“საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და რა თქმა უნდა ეს ომები და მისი შედეგები ჩვენზეც აისახება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გლობალურ დონეზე იმარჯვებენ დემოკრატიული თუ ანტიდემოკრატიული ძალები. რუსეთ-უკრაინის ომი, ეს მხოლოდ სახელმწიფოთა ომი კი არა, ეს ცივილიზაციათა და დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ძალებს შორის ომია. უკრაინას დასავლეთის დემოკრატიული სამყარო უმაგრებს ზურგს - ნატო-ევროკავშირი, რუსეთს კი ანტიდასავლური ალიანსი. იგივე ეხება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსაც, ვხედავთ, რომ “ჰამასის” ლიდერების რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მოსკოვმა ამ დაჯგუფების მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა. შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ანტისემიტური გამოსვლები კრემლის მართული იყოს. ეს კი რუსეთს აწყობდეს რამდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთი ყურადღებია გადატანაა უკრაინიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“თუ დასავლეთი იმარჯვებს, იმარჯვებს დემკრატია და ეს შიდა პოლიტიკაზე იმოქმედებს, რადგან “ქართული ოცნების”პოზიციები დასუსტდება, შესაბამისად, უფრო მეტი პირობები შეიქმნება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოსცილდეს 2024 წელს. ღმერთმა არ ქნას და თუ რუსეთი იმარჯვებს, მოსკოვისთვის “ოცნება” მისაღებია და ამ შემთხვევაში ანტიდასავლური და ანტირროვნული ძალები ქვეყანაში უფრო გააქტიურდებიან”,- განმარტავს ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 228 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.