"არჩევნებამდე ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა ძალიან კომიკური იქნება"

პარტია „გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 რეკომენდაცია შესრულდეს.

მისივე თქმით, არჩევნებამდე 9 რეკომენდაციების შესრულების ნებისმიერი მცდელობა „ძალიან კომიკური“ იქნება.

„ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიამ მიიღო, ცხადია, უმეტესწილად არის შეფასება მთავრობის საქმიანობის, იმ გაგებით, რამდენადაც მთავრობის პასუხისმგებლობა იყო 12 პუნქტის 90%-ი. ის, რომ ეს 12 პუნქტი არ არის შესრულებული, ასევე, მთავრობის დამსახურება და ის, რომ ევროინტეგრაცია ფაქტობრივად, ამით გაჩერებულია, რადგან შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

ფაქტობრივად, ირიბად მიგვითითეს, რომ ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია, რომ ევროინტეგრაცია გაგრძელდეს, ესეც მთავრობის დამსახურებაა. საბოლოო ჯამში, ცუდიც და კარგიც, ასე თუ ისე მთავრობის, თუ მმართველი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის აღქმა ბევრ სხვა გარე ფაქტორზეც არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ 12 პუნქტი არ არის შესრულებული, სტატუსის ფაქტობრივად მოგვანიჭეს, ერთი ფორმალური ნაბიჯი დარჩა და იმედია, მოგვანიჭებენ. ეს იმ გარემოებიდან არის განპიროვნებული, რომელიც შეიქმნა ამ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში.

მე მგონი, ნებისმიერი მცდელობა არჩევნებამდე ამ 9 რეკომენდაციის შესრულების იქნება ძალიან კომიკური, რადგან პარლამენტში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სუს-ის უფროს ხელი რომ ჩამოართვან ან გაუღიმონ რიგში დგებიან და ამ პარლამენტარებს, რომ დაავალო სუს-ი გააკონტროლონ, მე მგონი, უბრალოდ ძალიან სასაცილო იქნება. ჩემი აზრით, მთელი ეს პუნქტები შინაარსობრივად ეხება ოპოზიციას, რომელიც უნდა წარმოიდგინოს, როგორ გააკონტროლებს სუს-ს, ეროვნულ ბანკს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ა.შ. თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება და მმართველი გუნდი შეიცვლება, თორემ ამ მმართველი გუნდის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ის რაც იქ, 9 პუნქტში წერია, შესრულებული იყოს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე, რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დაბალი ბარიერი ქართული პოლიტიკურ სისტემაში ძალიან კარგი იქნებოდა“.

„პირველ რიგში, ევროპელებს ზუსტად არ უთქვამთ გულისხმობენ, თუ არა ბარიერის დაწევას, მაგრამ ნამდვილად ბარიერის დაწევა, ყველაზე უკეთესად შეესაბამება იმ ჩანაწერს, რაც გაკეთებულია. ზოგადად, დაბალი ბარიერი ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან, უბრალოდ, ბევრად კონკურენტული პოლიტიკური გარემო გვექნებოდა და ბევრად ადეკვატური წარმომადგენლობა პარლამენტში. ახლა 5%-იანი ბარიერით სულ რამდენიმე პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და უამრავი ხმა ჩვენი ამომრჩევლის დაიკარგება, ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბარიერი დაიწიოს, თუმცა მე მგონი, „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს მხოლოდ მაშინ, თუ მისთვის მომგებიანი იქნება და მე არ მეგულება ამ მომენტში ისეთი კონფიგურაცია, პოლიტიკური ველი, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება ბარიერის დაწევა მომგებიანი იყოს, ამიტომ ჩვენ ზოგადად 5%-თვის ვემზადებით, მაგრამ თუ ოპოზიციურ მხარის რაღაც კოორდინაცია მოხდება და მართლა ევროპელებმა ეს იგულისხმეს, დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევა რეალისტური გახდება“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

წაკითხვა 192 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.