"ჩვენ ერთიანობით, მათ შორის კოალიციური ერთობით, გამარჯვების შემდეგ გავაგრძელებთ „ვარდების რევოლუციის“ იდეას"

იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ჩვენ გვჭირდება უპრეცედენტო ერთობა და გამარჯვების რწმენა. ვირწმუნოთ გამარჯვების და გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის „რუსულმა რეჟიმმა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ იდეებისთვის და მიღწევებისთვის დაატყვევა.

„დღეს თქვენს წინაშე პირველ სპიკერად და დღევანდელი დღის მთავარ გმირად უნდა იდგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია „ვარდების რევოლუციის“ მთავარი გმირი ქართველ ხალხთან ერთად. მთავარი სულის ჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი. სწორედ ამიტომ დაატყვევა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილი, სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისთვის და მიღწევებისთვის, ამიტომ იმყოფება ის დღეს საპყრობილეში. ამ სულისშემძვრელ უსამართლობას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და ის დროულად უნდა დავასრულოთ. მე მჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ „ვარდების რევოლუციას“.

პრეზიდენტი სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან ვერ მოკლეს მასში „ვარდების რევოლუციის“ იდეა. ერთიანი,ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული, თავისუფალი საქართველოს იდეა. ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ამოძრავებდა „ვარდების რევოლუციას“ და რომელიც ამძრავებს პრეზიდენტ სააკაშვილს და გვამოძრავებს ჩვენ. ეს არის იდეა, რომელიც ცოცხლობს თითოეული ჩვენგანის გულში, გონებაში და ამიტომ ვერასდროს მოკლავს მას ვერც ივანიშვილი და ვერც პუტინი.

სწორედ ამიტომ მჯერა დღეს, გამარჯვების და იმის, რომ ჩვენ ერთიანობით, მათ შორის კოალიციური ერთობით, გამარჯვების შემდეგ გავაგრძელებთ „ვარდების რევოლუციის“ იდეას და მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში და საქართველო შედგეს როგორც წარმატებული სახელმწიფო“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წაკითხვა 201 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.