"მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი" - ლევან ხაბეიშვილი
ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„სხვა ადამიანებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. კონკრეტულ ადამიანზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მან თავად გადაწყვიტა, არ იყოს პარტიის წევრი. შესაბამისად, ის არ ითვლება, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ახლა მე მას საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხეს, ხაბეიშვილმა აღნიშნა: „კონკრეტული საბუთი თუ გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით, იურიდიულად თუ გინდათ და მოგწერთ. საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას““.
კითხვაზე, რომ ნიკა მელია არ თვლის ასე, არ წასულა პარტიიდან და ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ მელია პარტიიდან გააგდეს ან გაუშვეს, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მელიამ თავად გადაწყვიტა ასე და ის არ გაუგდიათ.
„თქვენ გინდათ, რომ სიტყვა „გააგდეთ“ გითხრათ? ეს არის ამოცანა? ან „გაუშვით“? მოდით, ჩემს პასუხს გეტყვით: მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია. ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. პირს ხომ არ ამოვუკერავთ ამ ადამიანს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, რითი დასტურდება პარტიის წევრობა და აქვთ თუ არა პარტიის წევრებს შესაბამისი საბუთი, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება.
„მაყურებელი გვიყურებს, ბავშვები ხომ არ ვართ. გეუბნებით, მომწერეთ წერილობით, გამოგიგზავნით, თუ გინდათ. მეტი რა გავაკეთო? არ არის წევრი, არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ირიცხება. მან გადაწყვიტა, რომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე რვა თვეა, ამას აკეთებს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ნიკა მელია რიტორიკას შეცვლის, შეუძლია დაწეროს განცხადება პარტიაში გაწევრიანებაზე და მას ხელმეორედ მიიღებენ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა ლევან ხაბეიშვილს წერილობითი ფორმით გადასცეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“ რაზეც ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ასევე წერილობით უპასუხა: „არ არის, არ წარმოადგენს“, და ფურცელს ხელი მოაწერა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის