შერყეული რეპუტაცია და დაშლილი პარტია - ვის მხარესაა სააკაშვილი
“როგორ იმოქმედა “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესებმა სააკაშვილის იმიჯზე და საერთოდ, ვის მხარესაა ექსპრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში?
ანალიტიკოსთა შეფასებით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში” რჩება, რაც ნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილის მომხრეა, თუმცა, რადგანაც არც ხაბეიშვილი და არც ნიკა მელია მისი ფავორიტები არ არიან, მიმდინარე პროცესებში სააკაშვილის ნეიტრალიტეტიც ლოგიკურია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტის ინიცირებულმა ერთობის მანიფესტმა სრული კრახი განიცადა, სააკაშვილის იმიჯს სერიოზულად აზიანებს და აჩვენებს, რომ პარტიაზე მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია. თავად სააკაშვილმა ენმ-დან ნიკა მელიას ოფიციალურად წასვლის შემდეგ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შერყეული რეპუტაცია და დაშლილი პარტია - ვის მხარესაა სააკაშვილი.
“რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა), მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ! საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით. ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პო-ლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას”, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ენმ-ში მიიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიაზე სააკაშვილის გავლენა მნიშნელოვნად შემცირებულია. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილი შიდა დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არც მელია და არც ხაბეიშვილი მისი ფავორიტები არ არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სააკაშვილის იმიჯზე რთული საკითხია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ის საქართველოში პატიმრობაში იმყოფება, იმდენი რამ მოხდა და იმდენჯერ შეიცვალა პოზიცია, რომ არ მგონია ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” ეს უთანხმოება კატასტროფულად მოქმედებდეს სააკაშვილის რეიტინგზე. სააკაშვილის მხარდამჭერები ვინც არიან, ძირითადად ალბათ დარჩნენ. ვინც არ იყო, ის არ იქნება თავისთავად. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა, მისი გავლენა, როგორც ჩანს, მთელი “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაზე არ მუშაობს და მისი გავლენა შესუსტდა. რაც შეეხება იმას, თუ სააკაშვილი ვის დაუჭერს მხარს - ხაბეიშვილს თუ მელიას, მე მგონი სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის რჩება “ნაციონალურ მოძრაობაში”, ესე იგი ხაბეიშვილის მხარესაა. ხაბეიშვილი რამდენ ხანს იქნება თავმჯდომარე, კაცმა არ იცის, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი ისევ ერთად აღიქმება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ “ასეთი საკითხის გარკვევისთვის უპრიანია ხოლმე ჩაატარონ სოციოლოგიური გამოკვლევები - გაზომონ მისი რეიტინგი რაღაც მოვლენამდე და რაღაც მოვლენის შემდეგ. მე მგონი არავისკენ არ არის სააკაშვილი და იმიტომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას. სააკაშვილი შიდა დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არც მელია და არც ხაბეიშვილი მისი ფავორიტები არ არიან:- ჩვენ გვახსოვს, რომ არც მელია იყო მისი შეთავაზებული კანდიდატი თავმჯდომარის პოსტზე და არც ხაბეიშვილი. ორივე ეს ფიგურა წამოწეულია მისი ნებისგან დამოუკიდებლად და შესაბამისად, არც ერთი ამ ფიგურის გაძლიერება მის ინტერესებში არ შედის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის