November 26, 2024

"ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია"- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან არაფერი დაუთმია.

ამის შესახებ მან განაცხადა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე, სადაც ოპოზიციურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტებმა" მიიწვია 18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ფორუმში მონაწილეობის გამო გაჩენილ კითხვებზე.

 

"მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან არახალია სპეკულირება გარკვეული თემატიკით. ჩვენ დღესაც აბსოლუტურად უშინაარსო პოლემიკის მომსწრენი ვართ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ჩემი მხრიდან ამომწურავად იყო გაცემული მაშინ, როცა ჩვენ დავბრუნდით ამ ფორუმიდან და მე მქონდა პრესკონფერენცია, სადაც ყველა სახის მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა..." - თქვა ლევან დავითაშვილმა.

 

ოპოზიციურ პოლიტიკურმა ჯგუფმა ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, რა სარგებელი მიიღო საქართველომ ამ ფორუმში მონაწილეობით - 18 ოქტომბერს ჩინეთში გამართულ ბანკეტის ვიზუალურ მასალაში ჩანს, რომ ლევან დავითაშვილი დაესწრო იმ ღონისძიებას, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.

 

"ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე - დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ..." - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

 

​კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, რუსეთთან თანამშრომლობაზე ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები იყო.

 

"ფაქტები ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი არ დაუთმია და ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს. სამწუხაროდ, ჩვენ წინა პერიოდში, უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით და ძალიან რთული მემკვიდრეობა მივიღეთ, რომელიც არ არის მარტივი, რომ ჩვენ გამოვასწოროთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია... საქართველოს დეოკუპაციას მოვახდენთ იმ თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სწორ, გამიზნულ ნაბიჯებს..." - უთხრა დეპუტატებს ლევან დავითაშვილმა.

 

18 ოქტომბერს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხი განმარტა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 31 ოქტომბერსაც. მისი თქმით, ღონისძიებაში საქართველო მონაწილეობდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით.

 

"ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები", - თქვა მან.

წაკითხვა 197 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 18 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.