"ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მიწვევა არ მიუღია"– ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს ელჩების კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია. ღონისძიება 26-28 დეკემბერს იმართება თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფში".
"26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია", - აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არ მიუწვევიათ და მიზეზი ასე ახსნა:
"ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატები. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე... წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ლოგიკით იყო აწყობილი".
ელჩების კონფერენვიაზე უხერხულობა შეიქმნა გასულ, 2022 წელსაც. კონფერენციას არ დასწრებია ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამის მიზეზი პროტოკოლის წესების დარღვევა იყო. სალომე ზურაბიშვილის ადგილი გათვალისწინებული იყო პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის.
დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2023", რომელიც ორ დღეს გასტანს. ღონისძიება გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
წელს, ამ კონფერენციის გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტების დროს კონსტიტუცია დაარღვია, რადგან არ ჰქონია მთავრობის თანხმობა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძენ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევენ პრეზიდენტობის ღირსად. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ 100 საჭირო ხმა ვერ მოაგროვა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი