"უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება" - შალვა პაპუაშვილი

უცხოურ დაფინანსებას და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება - მივმართავ ყველა პარტიას, ეს არის არამხოლოდ კანონის დარღვევა, რადგან აკრძალულია უცხოური შემოწირულებების მიღება, ეს არის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი მოპყრობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, უცხოური დონორების მხრიდანაც ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა, როცა უცხო ფულით აფინანსებენ ქართულ პარტიებს.

 

„გუშინ სანდრო რაქვიაშვილის მხრიდან აღიარებაც კი მოვისმინეთ, რომ დიახ, პარტიებს აქვთ შექმნილი სქემა ყალბი ე.წ. ენჯეოების მეშვეობით იმისთვის, რომ მოიზიდონ უცხოური დაფინანსება. ეს გარკვეული სიამაყითაც თქვა, რომ, თითქოს, კანონმდებლობაში მოძებნეს რაღაც ხვრელი იმისთვის, რომ მიიღონ დაფინანსება. ვერც კი ხვდება ოპოზიცია, მათ შორის სანდრო რაქვიაშვილი, რას ამბობს ამით. ამით ამბობს, რომ ქართული პარტიები თურმე ფინანსდებიან უცხოეთიდან და როგორც წარმოუდგენიათ მათ ქართული საქმის კეთება, როდესაც ისინი სხედან უცხოური ორგანიზაციების ხელფასზე. როგორც ჩანს, ეს არის სერიოზული პრობლემა. თითო-ოროლა ასეთი შემთხვევა თავად პარტიებისგან ვიცით, როცა წამოცდენა აქვთ - ხოლმე. გუშინ კი სანდრო რაქვიაშვილმა დაადასტურა. მე ყველა პარტიას მოვუწოდებ, ეს არის არამხოლოდ კანონის დარღვევა, რადგან აკრძალულია უცხოური შემოწირულებების მიღება, ეს არის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი მოპყრობა. ვერ აცნობიერებენ, რომ სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესითა და საკუთარი ხალხის ინტერესით და პოლიტიკური პარტიებიც ვალდებულები არიან იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებით. როცა პოლიტიკური პარტია ზის უცხო ორგანიზაციის ხელფასზე, ის შესაბამისად ატარებს სხვა ორგანიზაციის თუ ქვეყნის ინტერესებს. ეს არის, როგორც ჩანს, პრობლემა, რატომაც ჩუმდებიან ოპოზიციური პარტიები, როცა სანქციებზეა საუბარი, როცა ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, თუმცა შეიძლება შედიოდეს სხვა ქვეყნის ინტერესებში, იმ ქვეყნების, საიდანაც ისინი ფინანსებს იღებენ. ყველას მოვუწოდებ, გააუქმონ ეს ყალბი ე.წ ენჯეოები, გააუქმონ ეს ანგარიშები, სადაც უცხოეთიდან ერიცხებათ თანხები და ემსახურონ ქართველ ხალხს. უცხოურ დაფინანსებას და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ასევე მივმართავ იმ დონორებს, რომლებიც ამ სქემის მონაწილენი არიან და ირიბად თუ პირდაპირ ჩართულები არიან პარტიების დაფინანსებაში, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა, როცა უცხო ფულით აფინანსებენ ქართულ პარტიებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 376 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.