"კოვიდის დროს, 2021 წელს მთავრობამ ანაბრები შიდა ვალიდან ამოიღო"- ალეკო ელისაშვილი
კოვიდის დროს, 2021 წელს მთავრობამ ანაბრები შიდა ვალიდან ამოიღო! აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა, საქართველოს მოსახლეობის ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვალი ისევ შიდა ვალად აღიაროს და დააბრუნოს, და საერთოდ აპირებს თუ არა ამ პრობლემის ოდესმე მოგვარებას „ქართული ოცნება“, სანამ ის ხელისუფლებაშია?" - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააყენა. დეპუტატის განცხადებით, საუბარია 670 მილიონ ლარზე, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კი 25 მილიარდ ლარს შეადგენდა, ამიტომ ამ პრობლემის დაძლევა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თავისუფლად არის შესაძლებელი.
„ბოლო დროს, რაც საპენსიო სესხთან დაკავშირებით ჩვენი პარტია ვაქტიურობთ, ჩემს ტელეფონზე არ წყდება ზარები. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება ამ ამბავზე, რომელზეც მინდა ვისაუბრო - ესაა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრები. არ დავიზარე, ამოვბეჭდე და წავიკითხე „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ ძალიან საინტერესო კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. უფრო ღრმად რომ ჩავიხედე ამ ამბავში , აღმოვაჩინე ორი რამ, სინამდვილეში არანაირ კოლოსალურ თანხებზე და სახელმწიფოსთვის დამანგრეველ ტვირთზე არ არის აქ საუბარი. საუბარია 670 მილიონ ლარზე, ერთი შეხედვით ეს თანხა დიდად ჟღერს, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წლის 25 მილიარდი ლარია, ჩვენ რომ რამდენიმე წელზე გავანაწილოთ ამ თანხის გადახდა, თავისუფლად შეგვიძლია ამ პრობლემის დაძლევა. მეორე, რაც აღმოვაჩინე და რის გამოც პრემიერ-მინისტრს მივმართე წერილით, კოვიდის დროს 2021 წელს მთავრობამ ამოიღო შიდა ვალიდან (მანამდე ჯერ კიდევ შევარდნაძემ აღიარა, რომ ანაბარი იყო შიდა ვალი და სახელმწიფომ ტვირთი აიღო და თქვა, რომ კი მე თქვენთან ცუდად მოვიქეცი და ამას ვალად ვცნობ და გავისტუმრებ), და ამის შემდეგ 2021 წელს სახელმწიფომ 1997 წლის შემდეგ პირველად ამოიღო შიდა ვალიდან და თქვა, რომ ასეთი ვალი აღარ გააჩნია. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა თავის ლოგიკა - მაშინ, კოვიდის დროს ეკონომიკა გაჩერებული იყო, ვალს ვიღებდით და ვალი სახელმწიფო ბიუჯეტის 60%-ს მიუახლოვდა, რაც საგანგაშო ზღვარია, 60%-ზე მეტს თუ იღებს, საერთოდ ბანკროტად უნდა გამოცხადდეს ქვეყანა. ამიტომ მაშინ ლოგიკა ჰქონდა ანაბრების ამოღებას შიდა ვალიდან, მაგრამ დღეს კოვიდი აღარ არის, დღეს 25 მილიარდი გვაქვს ბიუჯეტი, დღეს მთავრობა ტრაბახობს, რომ ეკონომიკა დუღს და ქვეყანა ვითარდება, შესაბამისად პირველი და მთავარი კითხვა ამ ეტაპზე რაც მაქვს ბატონ პრემიერ მინისტრთან, აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა, საქართველოს მოსახლეობის ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვალი ისევ შიდა ვალად აღიაროს და დააბრუნოს, და საერთოდ აპირებს თუ არა ამ პრობლემის ოდესმე მოგვარებას ქართული ოცნება, სანამ ის ხელისუფლებაშია?" - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო