"ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მითუმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია" - გია ვოლსკი

დავით ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მითუმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის დავით ხიდაშელს შეხვდა.

მისივე თქმით, ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ის, რომ "მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა და რუკები ჩამოიტანა არქივიდან".

 

„დავით ხიდაშელმა დამირეკა, მე მას არ ვიცნობდი, საინტერესო მოსაზრებები მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებითო. ეს ვიდეო რომ გავრცელდა, ვერ მივხვდი ამ „ტაშფანდურის“ მიზეზი რა იყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ კაფეში ისე, რომ მიმტანს და ყველა იქ მჯდომ ადამიანს ესმოდა. შემდეგ მივხვდი, რომ თურმე „დროას“ ხალხია, რომლებსაც ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას და მგონი ეს სიხარული და „ტაშფანდური“ იმით იყო გამოწვეული, რომ დავით ხიდაშელს შევხვდი.

 

გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს „ნაცმოძრაობის” პერიოდში იყო რუსეთთან შეთანხმება და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, რომ ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ” გააფორმა რუსეთთან. მაგრამ ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება, საერთაშორისო მონაწილეობით მითუმეტეს რუსეთთან, პრაქტიკულად არა შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია, ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის. მაგრამ, მაინც აქ ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ. გახსოვთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ამათი ბელადი, ის, რომ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა, რუკები ჩამოიტანა არქივიდან. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მიზეზი, რომ „დროა” ფინანსდება რუსული ბიუჯეტიდან, რომ დავით ხიდაშელი მათ პირად მტერს წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში მათ ბელადს უპირისპირდება, ეს იყო განმაპირობებელი ამ აჟიოტაჟის, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, დავით ხიდაშელთან ისაუბრა თუ არა კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

 

„რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

წაკითხვა 215 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 07 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.