"უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას" - ირაკლი კობახიძე
დავით არახამიას განცხადებამ რეალურად დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ძალიან მყარად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და დოკუმენტები, სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო ჰუმანიტარული დახმარება. როდესაც ასეთ ფონზე კეთდება გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და, შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ფაქტია, რასთანაც გვქონდა საქმე მთელი ამ ორი წლის განმავლობაში – ჯერ როდესაც ხდებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება. როდესაც პრაქტიკულად გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან, საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა, დღეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის უკვე ეს საბაბი.
შეგახსენებთ მეორე ფრონტთან დაკავშირებით პოდოლიაკის, დანილოვისა და სხვების განცხადებებს, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ-მეგობრული სულისკვეთებიდან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს ისეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი