"საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება" - ირაკლი კობახიძე
საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დასრულდება.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
„ჩვენ დეტალურად გქონდა საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გამკლავების კუთხით, რომელიც ჩვენი რეგიონის წინაშე არის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება. საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გულთბილი დახვედრისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში, ამაზე ჩვენ გვქონდა ჩვენი შეხვედრის დროს საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ის მაღალი დინამიკა, რომელიც დღეს ჩვენს პარტნიორობას ახასიათებს. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,-განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი