პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა გვარამიას საქმე, „მიხვდა, საქმე ჰქონდა დამნაშავესთან"
პოლიტიკური გაერთიანება „ახლის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში განსახილველად არმიღების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. სპიკერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამია შეიწყალა. ამასთან, პაპუაშვილმა „ფარსად" შეაფასა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც გვარამიას შეწყალებას უკავშირდებოდა.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან; შემდეგ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალება, მან ვერც კი გაბედა აეხსნა, რა იყო საფუძველი შეწყალებისა; ვნახეთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომელიც იწონებდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც დეპოლარიზაციის ნაბიჯს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო. არავითარი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო", - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, „დადასტურდა, რომ ის [ნიკა გვარამია] არის სისხლის სამართლის დამნაშავე. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა".სარჩელი ეხებოდა ნიკა გვარამია საქმეს, რომელშიც ადგილობრივმა სასამართლოებმა ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა", - ასე გამოეხმაურა გვარამია ევროსასამართლოს.
ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ იცის სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მათი სარჩელის არმიღების რაიმე ოფიციალური მიზეზი: „სამწუხაროდ, არაფერი ეწერა. ერთი წინადადება იყო, განმარტების გარეშე“.
- თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
- 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.
- 2023 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი