პრეზიდენტი დუმს - მოახდენს თუ არა გავლენას ხელმოწერები ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს
“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს - 25 მარტს “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრებმა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს ის ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა პრეზიდენტისგან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა.
მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და მასზე “გარე და შიდა ზეწოლა ვერ იმოქმედებს”. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შიდა აქციების საფუძველზე პრეზიდენტი სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, მაგრამ თუკი ეს ზეწოლა დასავლეთიდან წამოვა, მერე შესაძლოა დაფიქრდეს. ამასთან ეჭვი ეპარებათ შეწყალება არჩევნებამდე მოხდეს. 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი 27 მარტს გაიმართა. სააკაშვილმა პროცესზე, კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციური ჩართვისას კვლავ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტი დუმს - მოახდენს თუ არა გავლენას ხელმოწერები ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს.
“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა 25 მარტს წალენჯიხიდან დაიწყო. მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობამ” პრეზიდენტს ოფიციალურად გადასცა ხელმოწერები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგათავისუფლების მოთხოვნით შეგროვდა. “ოცნებამ” კი ამ აქციას “7-კაციანი კოლონა” უწოდა. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა, მისი მხარდამჭერების თქმით, მათი რიცხვი 200 ათასამდეა. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის თქმით, ორასი ათასამდე ხელმოწერა არის შეგროვებული და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. “ახლა მივიტანთ სალომე ზურაბიშვილთან ამ ხელმოწერებს და ის ვალდებულია გაითვალისწინოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა”, - განაცხადა ჯაფარიძემ. “ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმაც და “ნაციონალურმა მოძრაობამაც” ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. “ამიტომ მიდის კამპანია, რომ როგორმე საზოგადოების ყური შეაჩვიონ ამ სცენარს და ამაზე საუბრობენ როგორც შიგნით, ასევე გარე სპიკერები. როგორც ჩანს, ახლა ამისთვის შეაწუხეს ათიათასობით ადამიანი ხელმოწერებისთვის... ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს და ვერავინ აიძულებს ვერც სასამართლოს და სახელმწიფოს შეცვალოს სამართლიანი გადაწყვეტილება”, - აღნიშნა თალაკვაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შიდა აქციების საფუძველზე პრეზიდენტი სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, მაგრამ თუკი ეს ზეწოლა დასავლეთიდან წამოვა, მერე შესაძლოა დაფიქრდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ისინი შეწყალებას ითხოვენ, მაგრამ რამდენადაც ვიცი მას შეწყალება არ ათავისუფლებს, სხვა საქმეებიც არის. შეწყალება იმას ეკუთვნის, ვისზედაც განაჩნი გამოტანილია. სააკაშვილს შეწყალება არ უშველის. დროებით გათავისუფლება არაფერს არ იძლევა,ეს ზურაბიშვილსაც კი არ აწყობს, რადგან თუკი მისი გათავისუფლებით დესტაბილიზაციის სურათი დადგება, არ მგონია ეს დემოკრატიის სამსახურში გამოადგეს. მაგრამ თუკი დასავლეთისგან გაისმება - დასავლეთის პოლიტიკოსები თვლიან, რომ ევროპაზე ვინცაა ორიენტირებული, იმან სააკაშვილი აუცილებლად უნდა გაათავისუფლოსო, აი იქ შესაძლოა პრეზიდენტი დაფიქრდეს. თორემ ასეთი ჯანჯღარის და ჭიდაობის მეთოდით, ანუ შიდა აქციებით არ მგონია, რომ გაათავისუფლებს. მით უმეტეს, რომ შიდა აქციები ფეხბურთის გარდა დღეს უკვე აღარავის აღარ შეუძლია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა კი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯერჯერობით თავს იკავებს და შესაძლოა არჩევნებამდე სააკაშვილი არ გაათავისუფლოს, რადგან ვითარების გამწვავება მოსალოდნელია. “პრეზიდენტი ჯერჯერობით თავს იკავებს. ვნახოთ, შესაძლოა არჩევნების შედეგებს დაელოდოს გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია. შესაძლოა არჩევნებამდე ვითარების გამწვავება არ უნდა. შესაძლოა ხელისუფლებაც აშანტაჟებს - ვნახეთ, რომ რადიკალური ჯგუფები მიუგზავნა, რომლებმაც რეზიდენციასთან ჩაატარეს აქცია. შესაძლოა ამისთვის რაღაცნაირად თავს იკავებს. თუ პრეზიდენტმა სააკაშვილი გაათავისუფლა, შეიძლება რადიკალური ჯგიუფები გამოვიდნენ, მაგრამ ასევე გამოვა ხალხი მესამე პრეზიდენტის დასაცავადაც. ამის გამო შესაძლოა ვითარება დაიძაბოს და მგონია, რომ პრეზიდენტი თავს ამიტომ იკავებს”, - თვლის ნიკა ჩიტაძე, რომლის განმარტებით, “დასავლეთიდანაც არის გარკვეული ზეწოლა კარგი გაგებით, ისინი ითხოვენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი რეალურად დემოკრატიის დამცველია, მაშინ უნდა შეიწყალოს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო