"თურმე „გლობალური ომის პარტიას“ მიშა მოჰყავს - სინამდვილეში მიშა თქვენ მოგყავთ, რადგან თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ მიშა სჯობს!" -იაგო ხვიჩია უმრავლესობას
თუ ხელისუფლება აყენებს საკითხს, მიშა თუ პუტინი, ჩვენ [ოპოზიციამ] რატომ უნდა დავაყენოთ ზუსტად ასევე საკითხი? მოდი, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე, ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის, - ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
მან კოლეგა ოპოზიციონერებს დისკუსიის გახსნისკენ მოუწოდა.
ამასთან, ხვიჩიამ „ქართულ ოცნებასაც“ მიმართა და თქვა, რომ გუშინ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები „ერთი დიდი შეშინების მცდელობა“ იყო.
„რა მოვისმინეთ გუშინ, რა ვერსიაც შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ამ ქვეყანას ემუქრება და რომლისგან დამცველადაც, ვითომ თვითონ უნდა მოგვევლინოს „ქართული ოცნება“ - ქართველი ხალხისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხეებია. თურმე - გეები შტურმზე გადმოვიდნენ, თურმე მასონები გვებრძვიან, თურმე „გლობალური ომის პარტია“ ბრძოლაში მიგვათრევს და თან რევოლუციას გვიწყობენ. ითქვა, რომ მიშა მოჰყავთ - ამათ ეს უნდათ. სინამდვილეში მე მგონია, რომ მიშა თქვენ მოგყავთ. მიშას მოსვლის ერთადერთი გზა საბოლოო ჯამში არის ის, თუ ასე დააყენებ საკითხს - პუტინი თუ მიშა; რუსეთი თუ მიშა. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხი დაფიქრდება იმაზე, რომ ამას მიშა ჯობია. თქვენ ამას აკეთებთ შეგნებულად, თქვენი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. ყველაზე მეტად თქვენ რისკავთ მიშას დაბრუნებით და სწორედ ამით აშანტაჟებთ თქვენს ამომრჩეველს. თქვენი გუშინდელი გამოსვლა - ბიძინა ივანიშვილის და მანამდე აქ, „ქართული ოცნების“ ლიდერების, იყო ერთი დიდი შეშინების მცდელობა, საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლის. ადამიანებს, თქვენ რომ გუშინ მოიყვანეთ, თქვენ თვითონ აშინებდით. ერთადერთი, შიშის დანერგვაა ის, რაც შეგიძლიათ უთხრათ საკუთარ ამომრჩეველს. მეტი სათქმელი არაფერი დაგრჩათ.
მაგრამ, მთავარი პრობლემა და ჩემი მიმართვის ძირითადი ნაწილი არის ოპოზიცია და რატომ - თუ თქვენ, ოპოზიციას, გესმით რისკები, რომელიც გუშინდელი დღის მერე საქართველოს ემუქრება, როგორ შეიძლება აგრძელებდეთ ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? როგორ შეიძლება ოპოზიცია ახლა არ ხსნიდეს პოლიტიკურ დისკუსიას თავის შიგნით?! ხომ ძალიან გასაგებია, რას გიპირისპირებს ხელისუფლება - გიპირისპირებს ლგბტ პროპაგანდას, მასონებს, „გლობალური ომის პარტიას“ და მიშას - მთავარ დამხმარეს, როდესაც გაუჭირდება. ისევ მიშას იმედი აქვს ხელისუფლებას. რატომ არ ვსაუბრობთ ოპოზიციაში იმაზე, როგორ დავაზღვიოთ შემდეგში ერთპიროვნული ხელისუფლების და მმართველობის საფრთხე?! შეიძლება, ქართველმა ხალხმა თქვას: მიშას ერთპიროვნული ხელისუფლება მირჩევნია, პუტინის ერთპიროვნულ ხელისუფლებას. მაგრამ თუ ხელისუფლება აყენებს საკითხს, მიშა თუ პუტინი - ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ ზუსტად ასევე საკითხი? მოდი, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე, ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის. გავანეიტრალებ იმისთვის, რომ მინდა, ჯერ თქვენ გათავისუფლდეთ მიშას ბატონობისგან. „ქართული ოცნება“ ხომ ვერ გათავისუფლდება ბიძინას ბატონობისგან, რადგან მთავრობაში არიან. როდესაც მთავრობაში იყავით, თქვენ ხომ მიშას ბატონობისგან ვერ გათავისუფლდით. მოდი, ახლა მართლა გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია.
კატეგორიულად ვითხოვ ტელეკომპანია „მთავარის“ და „ფორმულას“ გახსნას დისკუსიებისთვის. თუ ეს არ მოხდება და თუ ოპოზიცია ისევ მიშას რისკს დატოვებს ძალაში ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, თქვენ იქნებით მთავარი პუტინისტები, არაქართველები, თქვენ იქნებით ყველაფერი, ვინც ხელისუფლების შეცდომას არ იყენებს და ასევე, ცდილობს ერთპიროვნული ხელისუფლებით მოსვლას ოპოზიციას მხრიდან. ხელისუფლების ეს შეცდომა, ეს ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიქართული ნაბიჯი, უნდა იყოს გამოყენებული ერთხელ და სამუდამოდ ერთპიროვნული მმართველობის დასამთავრებლად არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე