ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ - „ოცნება“ „აგენტების კანონის“ სანაცვლოდ MEGOBARI Act-ზე

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება დამოკიდებულია აშშ-ის „სწორ ქმედებებზე“. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია გამოცემა POLITICO-ს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ... ეს კანონი [„აგენტების კანონი“] ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება“, - წერია „ქართული ოცნების“ სახელით გავრცელებულ განცხადებაში.  

 

POLITICO წერდა, რომ თავად გაეცნო კანონპროექტს, რომელიც კონგრესს ამ კვირაში წარუდგინა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა. დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც MEGOBARI Act ჰქვია, ამერიკის ბაზრებთან გაუმჯობესებული წვდომის გარდა, კანონპროექტი გამოდის აშშ-ის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოწოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულების შემთხვევაში, „აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“ და „ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა“.

 

„საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა“, - ფიქრობენ პარტიაში, რომლის დაკომპლექტებული გუნდიც მართავს ქვეყანას.

 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ:

 

„დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს... თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც“.

 

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადებაში არ არის ნახსენები „უსაფრთხოების და თავდაცვის შეიარაღების მიწოდების“ საკითხი, რომელსაც ასევე მოიცავს კონგრესმენის შემუშავებული კანონპროექტი.

 

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.

წაკითხვა 178 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 21 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.