"ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია" - ანრი ოხანაშვილი

ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, როდესაც დაწერა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპირო პოზიცია - ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

„ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, როდესაც დაწერა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპირო პოზიცია. ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია. მაშინ, როდესაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ამბობს, რომ არსებობს საზოგადოების აღმატებული ინტერესი, რომ იცოდეს კონკრეტული ორგანიზაციები რა ფინანსებით მუშაობენ და რაში ხარჯავენ. ევროკავშირის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს. ევროკავშირის ფუნქციონირების ძირითადი დოკუმენტები ეფუძნება გამჭვირვალობას და ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალედ მუშაობას. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში ზუსტად ეს თქვა უნგრეთის მაგალითზე, რომ ხალხს აქვს უფლება და აღმატებული ინტერესი, რომ იცოდნენ კონკრეტული ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ თუ როგორ ფინანსდებიან და რაში ხარჯავენ თანხას. იგივე მიდგომა გვაქვს ჩვენ, მაგრამ ვენეციის კომისიას მოუწია იმის დაწერა, რომ არ ეთანხმება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს და გამჭვირვალობა კარგი არ არის”, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ვენეციის კომისიის ამ დასკვნის შემდეგ ძალაში დარჩება თუ არა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ოხანაშვილმა განმარტა, რომ ისინი რჩებიან პოზიციაზე, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეტო დაიძლევა როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.

„თუკი ვინმეს სურდა შინაარსში შესვლა, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ვეტოს ფარგლებში ყოფილიყო კომუნიკაცია და ვეტოში ჩამოყალიბებულიყო ისეთი რედაქცია, რომელიც იქნებოდა კონკრეტულ ჯგუფებსა და ჩვენს შორის შეჯერებული. ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა პრეზიდენტმა და რადიკალურმა ჯგუფებმა. ამიტომ პროცედურულად აღარ არსებობს სხვა შესაძლებლობა. აქ დგას საკითხი, რომ ან უნდა გავითვალისწინოთ ის აბსურდული შემოთავაზება, რომ თურმე 1 დღე უნდა იმოქმედოს კანონმა, რასაც ვერ გავიზიარებთ, ან მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კანონს, რომელიც მივიღეთ. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაორგანიზაციების ფინანსური შემოსავლების და ხარჯების შესახებ. ამიტომ ვეტო დაიძლევა როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

წაკითხვა 176 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.