" საარჩევნოდ ოთხი პოლიტიკური ცენტრი გვექნება - თუ ბიძინა შემოვიდა თამაშში, მაშინ ან ზურაბიშვილი ადის „ოლიმპოზე“, ან ბიძინას მოუწევს მიწაზე ჩამოსვლა " - გია ხუხაშვილი

ოპოზიციამ ხალხთან კომუნიკაცია ვერ ააწყო და სულ რაღაც მიზეზებს იგონებს, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა... კიდევ ერთი თვით გადადეს საარჩევნო კამპანიის დაწყება. ერთი თვე კი არა, ერთი საათი არ არის დასაკარგი, რკინის ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ დადიოდნენ, - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა, სადაც დისკუსიის თემა ოპოზიციის ერთობა და მათი საარჩევნო სტრატეგია იყო.

ხუხაშვილის თქმით, ამომრჩეველს ოპოზიციასთან შეხვედრა სჭირდება, რათა გადაწყვიტოს, ვის აძლევს ხმას და აღარ მოუწიოს იძულებითი არჩევანის გაკეთება.

 

„ოპოზიციაში ცვლილებებს არ ველოდები, ვფიქრობ, რომ ეს დრო ტყუილად იკარგება. ბუნდოვანება უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან. ჩვენ წინასაარჩევნოდ უკვე კრიტიკულ ფაზაში ვართ შესული და დროის კარგვა და კიდევ ბუნდოვანების დატოვება ამ საკითხში არასწორია. სრულიად ცხადია ჩემთვის, რომ ერთიანი სია არ გამოვა და აქედან გამომდინარე, ჯობია ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან, რადგან დამატებითი დაძაბულობა შემოაქვს ოპოზიციაში. დრო ძალიან ცოტა დარჩა, იმის ნაცვლად, რომ პარტიები ხალხში გავიდნენ, ინტერაქტივი შედგეს, მთავარი პრობლემა ამ პარტიების ეს არის, რომ ხალხთან კომუნიკაცია, დიალოგი ვერ ააწყვეს დღემდე და სულ რაღაც მიზეზებზე არიან, რაღაცებს იგონებენ, თუ რატომ ვერ აკეთებენ ამას. უნდა დაისვას წერტილი, რომ ამომრჩეველიც კარგად მოემზადოს, კარგად გაიაზროს თავისი არჩევანი. სრულიად ცხადია, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი არის დამანგრეველი, ეს არის ივანიშვილის თამაში, მან იცის ერთადერთი ტექნოლოგია - შუას გაკრეფა, ორპოლუსიანობის ფორმირება, სადაც იტყვის, რომ ვინც მასთან არ არის, ყველა მისი მტერია. მერე იწყება ერთგვარი „ტიტანიკის“ ფორმირება მეორე პოლუსზე, მთელი რესურსებია გამოყენებული, რომ მოხდეს ამ „ტიტანიკის“ კომპრომეტაცია და ჩაძირვა. ამის წამალი არის ფრონტის ხაზის არა თუ კონცენტრირება პოლუსად, არამედ ფრონტის ხაზის გაშლა. რაც შეეხება ერთიანობასა და ერთობას, ამას აქვს თავისი ლოგიკა. ერთიანობა არის ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების თემაში. ეს არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები, რომელზეც ვირჩევთ ჩვენ, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, ქვეყანა ირჩევს გრძელვადიანი განვითარების ვექტორს, ვდგავართ ერთგვარ გზაჯვარედინზე, სადაც ამომრჩეველმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს, ვბრუნდებით კონსტიტუციით გარანტირებულ გზაზე ანუ მივდივართ ევროკავშირში თუ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში - ეს არის მთავარი ფუნდამენტური არჩევანი. ევროპული გზის მომხრე რომელი არჩევანიც არის, მას ამ დიდ არჩევანში აქვს კიდევ ქვე-არჩევანი - რომელ პარტიას ან რომელ პარტიათა ჯგუფს მისცეს ხმა.

წაკითხვა 259 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.