"აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში ორივე პროცესი მოვიგეთ, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის"
წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 8 აგვისტოს ასახელებდა, რამდენიმე წელია, აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში, და არა მხოლოდ მათ, პოზიციაც და თარიღიც შეცვალეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პირველად თარიღი – 7 აგვისტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში გაჩნდა.
„2008 წლის 9-10 აგვისტოს დოკუმენტებში (იგულისხმება როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებები) რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის დღედ 8 აგვისტო სახელდებოდა. ორი თვის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“. იმავე რეზოლუციაში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული. ასევე, ეწერა, რომ „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.
რაც არ უნდა წარმოუდგენელი ყოფილიყო, ამ რეზოლუციას საქართველოს მაშინდელმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა. შესაბამისად, პირველად, თარიღი – 7 აგვისტო, გაჩნდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში, რომლითაც მათ თავადვე შექმნეს მტკიცებულება და ბეჭედი დაუსვეს ღალატს, ქვეყნის გაყიდვას და ქართველი სამხედროების უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას, რომ ისინი შეიძლებოდა გასამართლებულიყვნენ ომის დანაშაულისათვის!
მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ თავიანთი სამშობლოს გმირები არიან. შეუძლებელია ამ ყველაფერს თავისი სახელი საბოლოოდ არ დაერქვას. „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ დანაშაულს, რომელსაც ეს სტატუსი ეძღვნება“, – ნათქვამია მდინარაძის განცხადებაში.
სიახლეები
- "ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული"
- "2008 წლის ომი გარე დაკვეთით, სწორედ „ნაციონალებმა“ დაიწყეს" - ბიძინა ივანიშვილი
- როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემას
- "პოლიცია მუშაობს, აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე" - თეიმურაზ კუპატაძე კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე
- "კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს"