„ქართულ ოცნებას“ რელიგიის საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება სურს"- ვახუშტი მენაბდე

“მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის მდგომარეობაშია. მთელი საარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ, მაგრამ მან უნდა დაასაბუთოს თუ რისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია 2016-2017 წლებში თავად შეცვალა - ამიტომ უნდა თქვან, თუ რა არის ისეთი, რაც მაშინ ვერ გააკეთეს, მაგრამ ახლა უნდა გააკეთონ.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მათი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ძალიან მყარი არგუმენტია. “ქართული ოცნება“ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საჭიროების დასაბუთებას ამით შეეცდება.

საქმე იმაში ხომ არ არის, რომ მმართველმა გუნდმა ახლა აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო რელიგია არ არის - უბრალოდ ამ წუთას მას ხმები სჭირდება. “ქართულმა ოცნებამ“, ერთი მხრივ, იცის საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის შესახებ, მეორე მხრივ იცის, რომ საზოგადოების იმ ნაწილში, ვისზეც ის გათვლას აკეთებს, ამ იდეას შეიძლება პოპულარობა ჰქონდეს. ასე ცდილობს რელიგიის თემას ინსტრუმენტალიზაცია გაუკეთოს და გამოდის ინიციატივით, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს.

გასაგებია საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი ამ იდეას არ ემხრობიან - არ ემხრობიან იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს მისცემს შესაძლებლობას, ეკლესიის საქმიანობას უფრო ახლოდან შეხედონ. ეს სახელმწიფოს გარკვეულ ლეგიტიმაციას მისცემს, რელიგიის საკითხებთან ახლოს მივიდეს - როგორც განცხადებებიდან მოვისმინეთ, ეს ეკლესიისთვის მისაღები არ არის. ამ თვალსაზრისით ეკლესიის პოზიცია სწორია, რადგან ისინი ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ“, - განაცხადა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მედიას აღნიშნული შეთავაზების თაობაზე ინფორმაცია დაუდასტურეს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, “ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეთავაზება იყო“, რასაც მან “თავაზიანობის აქტი“ უწოდა. ჯაღმაიძის თქმით, ამ ეტაპზე საპატრიარქოში მსჯელობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული შემოთავაზების ფორმულირება. საკითხზე საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დღეს გაიმართება.

წაკითხვა 157 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.