საქართველოში უკრაინის საელჩოდან დროებით რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინს გაწვევას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა
„მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ მიიღო პირველი საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხო საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულ მიხაილო ხარიშინსაც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. სიბიგამ მიზეზად ის დაასახელა, რომ ხარიშინს აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობა.
ირაკლი კობახიძე, სავარაუდოდ, დაეყრდნო უკრაინული გამოცემის zn.ua-ს ინფორმაციას, რომელიც მიხაილო ხარიშინის გათავისუფლების მიზეზებზე უფრო დეტალურად წერს. zn.ua-ს ცნობით, ხარიშინმა შეხვედრაზე საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის საკითხი დააყენა, რასაც მინისტრის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
უკრაინას ორ წელზე მეტია საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.
2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
