" ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია " - რომან გოცირიძე

როდესაც ანტიკორუფციული ბიურო იქმნებოდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მორიგი რეპრესიული აპარატი იქნებოდა - როგორც კი პირველივე შანსი მიეცათ, ის ხელისუფლების სასარგებლოდ და არასამთავრობო სექტორში რეპრესიებისთვის გამოიყენეს, - ასე აფასებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.

გოცირიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია.

 

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საცეცებს, ასე იყენებს ხელისუფლება.

 

„ანტიკორუფციული ბიურო პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება - მის ხელმძღვანელს პირდაპირ ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი.

 

ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ ორგანიზაციის ამ ფორმით არსებობა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

 

ანტიკორუფციულმა ბიურომ, ფაქტობრივად, გადაწყვიტა ის არასამთავრობო ორგანიზაციები დააწიოკოს, რომლის წინააღმდეგაც პროცედურები წამოიწყო - მან საკუთარ ხელში აიღო საგადასახადო სამსახურის, ფინანსური პოლიციის და ყველა მაკონტროლებლის ფუნქცია. კანონის დარღვევით ამ ორგანიზაციებს ფაქტობრივად აჩერებს.

 

როგორც კი პარტიების ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდა, ნათელი იყო, რომ ნებისმიერ პირს და ორგანიზაციას პარტიულ აქტიურობას მიაკერებდნენ.

 

ამ ლოგიკით პირველ რიგში ტელეკომპანია „იმედი“ უნდა შეამოწმონ, დააჯარიმონ და გაანადგურონ, რადგან ეს არის რუსული ტელევიზია, რომლის მთელი ფინანსები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზანს ეხმარება. გუშინ „იმედის“ დამფუძნებელმა ღიად განაცხადა, რომ ბიზნესში უნდა ვიყოთ, მაგრამ 25 წელია მოგება არ მიგვიღია, რადგან პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევითო - ანუ „იმედში“ ბიძინას ფულს იმიტომ ვხარჯავთ, რომ პოლიტიკურ მომსახურებას ვეწევითო“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

 

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

წაკითხვა 207 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 24 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.