ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები შეწყვიტონ

ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები.

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

 

„მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება განცხადებები, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას, რაიმე სახის დანაშაულს ჩადის. სამწუხაროა, რომ ცესკოს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომლის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში არაერთხელ განუმარტეს ის რეგულაციები და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხს არეგულირებს.

 

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვაში მხარდაჭერის ნაცვლად, თვითონ ახდენენ მის დისკრედიტაციას და საზოგადოებას უჩენენ აღქმას, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონს არღვევს და უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

 

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. აღნიშნული პროცედურის განხორციელებამდე სულ 2 დღე რჩება და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შექმნიან არასწორ აღქმებს და კანონთან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენებით ნუ დააზიანებენ როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს“,- აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 151 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 24 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.