,,რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება"- კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას ეხმაურება.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა.
„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი არასწორი განცხადება იქნება, როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან, ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლების და თვეების განმავლობაში. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესები და ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ვერ შეგვაშინებს ვერანაირი მუქარა, იმიტომ რომ ვაკეთებთ სწორ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქართულ საქმეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ასეთ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნების თარიღი. დღეს ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, არჩევნებს ატარებენ უცხოური ძალები, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა აქვთ. პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ საელჩოებში, უცხოელებისთვის. ამ ქვეყნის მომავალს და ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. ჩაბარდა წარსულს ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. საქართველოში მეორე ფრონტი არ და ვერ იქნება, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყანა არ შეუერთდება სანქციებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიღებაზე მოწვევა ჯერ გამოიგზავნა, შემდეგ კი მიიღეს გაუქმების გადაწყვეტილება, რათა „რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულ ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ“.
„ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე