„საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი“ - ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების ამსახველი კადრების გამოყენებას.

კობახიძეს ჰკითხეს: სოხუმის კადრები უკრაინას რომ გამოეყენებინა საარჩევნო მიზნებისთვის, თქვენთვის ეს იქნებოდა თუ არა მეგობრული ჟესტი ან მორალური საქციელი?

„მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ ვახსენებთ იმას, რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022-2023 წლებში და უნდა ავიცილოთ თავიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება ამ განცხადებას (უკრაინის საგარეო უწყების), ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. სხვათა შორის, 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება, ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა. იგივეს აპირებენ ვიღაც ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ, ღმერთმა არ ქნას და, საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება... საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი... - განაცხადა კობახიძემ და მიმართა მედიის ნაწილს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, - საქართველოში უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით...“

26 სექტემბერს თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.

კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.

ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:

4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“;

5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“;

9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;

25 - „გახარია საქართველოსთვის“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერების საპასუხოდ და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.

წაკითხვა 139 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.