საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს.
პაპუაშვილის თანახმად, ის საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. როგორც პარლამენტის სპიკერმა თქვა, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, „ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ ასი ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს“.
პაპუაშვილმა იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყების მიზეზად ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაასახელა. „ზურაბიშვილმა კონსტიტუციის უხეში დარღვევა განაგრძო. ის მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში“, - თქვა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილის გადაყენებას სიმბოლური ხასიათი ექნება.
„სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზედ პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ.
კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს