"გასულ წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა" - ევროკავშირის ოფისი
გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა.
ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა.
„გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.
ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული:
ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად.
ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.
ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ამასთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის.
2023 წლის მთავარი მიღწევები:
საქართველოში მოქმედმა 39,072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში;
შეიქმნა 36,973 ახალი სამუშაო ადგილი მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით;
458-მა მცირე და საშუალო საწარმომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა;
17,275-მა მცირე და საშუალო საწარმომ სესხი მიიღო;
371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი;
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს;
სიახლეები
- "თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს"- კობახიძე
- "სწორი ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იღებენ ინფორმაციას" - ირაკლი ზარქუა
- გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები სიცრუეა და უწყების, სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება - შსს
- პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა
- ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა”