„ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზოლირებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით"- ლევან ცუცქირიძე
ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო - ამას ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს, ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა იმ საგარეო პოლიტიკურ ზიანზე ვისაუბრო, რასაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მშვიდობას, დემოკრატიასა და ევროპულ პერსპექტივას აყენებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებთან კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე გადავიდა. ამ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც თანამშრომლობის პროგრამების, გაერთიანებულ შტაბებს შორის კონსულტაციების, დახმარებისა და მინისტრებს შორის „უორდროპის დიალოგის“ შეჩერება გამოაცხადა. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
მინდა, უბრალოდ მოკლე ჩამონათვალი გაგაცნოთ იმ ზიანის, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირისა თუ თვეში მათი პოლიტიკის შედეგად მიადგა საქართველოს. თუნდაც 8 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველო დამატებით კიდევ 121 მილიონ ევროს დაკარგავს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო გამიზნული. 31 ივლისს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ დახმარება საქართველოსთვის 95-მილიონ დოლარიანი შეაჩერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2024“ განუსაზღვრელი დროით გადაიდო. ვიცით, რომ ივლისში დანიამ საქართველოს 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეაჩერა. ასევე, ევროკავშირმა 30 მილიონი ევროს დახმარება შეგვიჩერა.
„ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზოლირებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით. ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო. ამას სჭირდება განვითარება, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ეკონომიკის გაძლიერება. ამას ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს. ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
სიახლეები
- "თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს"- კობახიძე
- "სწორი ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იღებენ ინფორმაციას" - ირაკლი ზარქუა
- გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები სიცრუეა და უწყების, სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება - შსს
- პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა
- ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა”