სააკაშვილის ყოფილი მეგობარი „ოცნების“ გამარჯვებას ზეიმობს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პირველი და ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, მალევე, - ჯერ კიდევ ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე. 28 ოქტომბერს კი, ორბანი თბილისში ჩამოვიდა.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“, - დაწერა ვიქტორ ორბანმა პლატფორმა X-ზე, 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ორბანმა ყველას დაასწრო - ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ვიქტორ ორბანი ახლა „ქართული ოცნების“ დიდი მეგობარია, როგორც მანამდე - „ნაციონალურ მოძრაობის“ იყო. 2012 წელს, მაშინ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა და ქართველებს მოუწოდებდა - წარსულში არ დაბრუნდეთო.
მმართველი მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ფიდესის“ ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. 2024 წლის ივლისში მოსკოვშიც კი იყო ჩასული.
დეკემბრის ბოლომდე - უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ უფლებამოსილებას ვიქტორ ორბანის ქვეყანა 1 ივლისს, 6 თვით შეუდგა.
ვიქტორ ორბანს არაერთხელ გადაუდგამს ევროკავშირის ფასეულობებთან შეუთავსებელი ნაბიჯები. მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები ღიად უჭერდნენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებდნენ, ორბანი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვდა და ხშირად იმეორებდა, რომ მათ შედეგი არ აქვთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანის განცხადებები ევროკავშირის განცხადებებად არ უნდა იყოს აღქმული.
ვიქტორ ორბანი ყოველთვის „ქართული ოცნების“ მეგობარი არ ყოფილა და იყო დრო, როცა მის წინააღმდეგაც გამოდიოდა - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად. 2012 წელს ის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში