"თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს
"თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 31 ოქტომბერს თბილისში, დედაენის ბაღში, გამართულ საინფორმაციო შეკრებაზე უთხრეს ჟურნალისტებს, მოძრაობის მიზანი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არსებული სავარაუდო დარღვევების გამოვლენა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყალბების სქემაში მონაწილეობდნენ.
"ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, იქნება მშვიდობიანი, იქნება დემოკრატიული და იქნება კანონიერი. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან - ჩვენ ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, ვიმოქმედებთ აუდიტორიებშიც, პარკებში, არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევეცდებით გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა“, - თქვა "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ.
მისი სიტყვებით, ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის აქციებს, რომლებსაც არ ექნება მასობრივი ხასიათი. "ეს იქნება აქციები, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას უჩვენებენ, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის ამაზე მათი რეაგირება მნიშვნელოვანი".
სიმონ ჯანაშიას თქმით, ხვალ, 1 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, შემდგომ ნაბიჯებზე სამსჯელოდ პარკ "მზიურში" შეიკრიბებიან.
მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" არის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაცია. არჩევნებში კოალიციამ ამომრჩევლის 8,81%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
