January 1, 2026

" 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"

მიილია 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩავლილმა წელმა დაგვიტოვა ბევრად უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით, განახლებული სკვერებითა და ბაღებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წინასაახალწლო მიმართვის დროს განაცხადა.

მან მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„დღეს 31 დეკემბერია. მიილია 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩავლილმა წელმა დაგვიტოვა ბევრად უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით, განახლებული სკვერებითა და ბაღებით, მეტი დახმარებით და გვერდით დგომით ჩვენი თანაქალაქელების მიმართ. თბილისი სამართლიანად ამაყობს თავისი ისტორიით, კულტურით, გამორჩეული არქიტექტურით, თუმცა მისი მთავარი ხიბლი და ღირსება აქ მცხოვრები ადამიანები არიან - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქალაქის რეალობას. ამდენად, ყველა პროექტი, ყველა რეფორმა, თუ გადაწყვეტილება, რაც გაგვიხორციელებია, ემსახურება თბილისელების კეთილდღეობას, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი.

„სამუშაო, რომელიც მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს გასწია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის საფუძველი საიმისოდ, რათა 2026 წელი თბილისისთვის იყოს გაცილებით წარმატებული. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გვაქვს ბევრი გამოწვევა. მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს. 2026 წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო ჩვენი დედაქალაქისთვის. დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელსაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე ნდობისა და მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით თქვენ, თბილისელებს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქალაქის ბედი და წლებია თქვენი მხარდაჭერით გვაძლიერებთ. მადლობა მოთმინებისთვის, რაც ყოველი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობით გამოწვეულ დისკომფორტს მოაქვს. ყველა ცვლილება, რომელიც დედაქალაქის სასიკეთოდ განხორციელდა, თქვენი ჩართულობისა და თანადგომის შედეგია. სწორედ თქვენთან ერთად ვქმნით ქალაქს, სადაც ცხოვრება უკეთესია. ეს არის სიკეთით სავსე ქალაქი, რომელიც საუკუნეებია ვითარდება ადამიანების თანადგომის, შრომისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის შედეგად. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში - თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 28 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.