February 17, 2026

"დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხისტ ძალას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას.

მისივე თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. ყაველაშვილის განცხადებით, ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.

 

„გასულ წელს საქართველოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით, რეალური იყო. დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების  ესკალაციას.

 

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველომ უმძიმეს ზეწოლას გაუძლო, რაშიც, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ. ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თითოეული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი და ისტორიის რთულ, გადამწყვეტ ეტაპზე ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას, სახელმწიფო კი კანონისა და კონსტიტუციის ერთგულებით მოქმედებს. ამგვარი ერთიანობა რომ არა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დათმობაც კი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნებოდა!

წაკითხვა 9 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 17 2026

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.