,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე

საქმეში არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები, სადაც რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის: მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე სასამართლო სხდომა მოსამართლემ „სიცილის და დაცინვის გამო დახურა“.

„ძალიან სასაცილოა, უფრო სწორად, გაუგებარია საერთოდ, რატომ არის ჩაყრილი ეს ყველაფერი. შესაბამისად, სხდომაც რომ მიდის რაღაცებზე გეცინება. სიცილის და დაცინვის გამო დახურა სხდომა. გახსნიან თუ არა, არ ვიცი. ბოლოს რომ დახურა განწყობა ისეთი ჰქონდა, რომ გახსნას არ აპირებდა. ადვოკატები დააყენებენ გახსნის შუამდგომლობას და ვნახოთ.

არც ჩემს და არც არავის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არის. უბრალოდ ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლები, მათ შორის, ჩემ მიერ მედიასთან გაკეთებული უხეში განცხადებები. არის ჩაყრილი 20-მდე პოლიციელის ჩვენება. ცხადია, ტყუილი ჩვენებები, სადაც რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან, თითქოს, მე, ან ბადრი ჯაფარიძემ, ან ვიღაცა დაინახეს აქციაზე და დაინახეს რომ ახალგაზრდებს, როდესაც დაელაპარაკნენ, მერე გახდნენ აგრესიულები. ჩვეულებრივი ბოდვა, ოღონდ ამის არანაირი მტკიცებულება არაა. მოყოლილი რაღაც ზღაპრებია. არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისების ჩხრეკების ოქმები, ანგარიშები, საერთოდ რა რასთან და ვისთან არის კავშირში ვერ გავიგეთ. წინა სხდომაზე დააყენეს შუამდგომლობა, გაგვარკვიეთ, ამ მასალებიდან, ვის რა ეკუთვნის, რომ გავიგოთ თავი როგორ დავიცვათო და მაგაზეც უარი გვითხრეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

წაკითხვა 73 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.