"ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, გათვლილია იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე"
ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე,
- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“.
სააკაშვილის განცხადებით, „ჩვენ კი არ დავესხით რუსეთს თავს, იმიტომ რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა“.
„მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია, მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე.
2007 წელს ჩვენ წინააღმდეგ მართლაც იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს, მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა და ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდადესტაბილიზაციის, პროვოკაციის, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა. ჩვენ კი არ დავესხით რუსეთს თავს, იმიტომ რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა. ეს არის სიმართლე, მაგრამ მე მათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს გონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება. ხაბურზანია იყო პუტინის კაცი, მე ეს პუტინმა მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი. ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე როგორც ამ დღეებში ვოლსკი რომ აქტიურობს, ეს იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში, გაეროში ჩანერგილი, ასევე „კაგებეშნიკ“ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო „კაგებეს“ წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში. ეს ვიცით ყველამ, ვისაც საქმესთან გვქონია შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი: რუსეთი ამზადებს საფუძველს და ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ უახლოეს კვირებში და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სასამართლოში ბრალი. წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს. საერთაშორისო თანამეგობრობას უნდათ აჩვენონ, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი, არის ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ და სინამდვილეში შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოოდ მიტაცება. ეს არის რისთვისაც ემზადებიან და რისთვისაცაა გაკეთებული ეს ფილმი. მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას, ასეთ რაღაცას ივანიშვილი და მისი პატრონები უკვე ვეღარ გვახვევენ თავს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „რუსეთი იძულებული გახდა“ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსულიყო.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი